TBC ბანკის საქმე – არასამთავრობოები პროკურატურას მოუწოდებენ განმარტოს, როგორ ხვდება დახურული ინფორმაცია ჩინოვნიკების ხელში

TBC  ბანკის საქმე – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საგამოძიებო უწყებებს მიმართავენ და განმარტებებს ითხოვენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რატომ ხდება მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საჯარო არ არის.

უფლებადამცველების განცხადებით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საგამოძიებო უწყებების დამოუკიდებლობას.

“იგივე კაბელების საქმეზე ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარეს სავარაუდოდ, ჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომელზეც მას წვდომა არ უნდა ჰქონოდა საქმის მასალებთან დაკავშირებით და ასევე როგორც ჩანს სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი. პრინციპში, ისეთ პირობებში, როდესაც არაფორმალურ გავლენებზე არის ზოგადად საუბარი სახელმწიფო ინსტიტუციებზე ალბათ ეს ყველაზე ნაკლებად გასაკვირია ასეთ კონტექსტში,“- მიხეილ ბენიძე.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის” თქმით, პროკურატურამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს როგორ ხვდება დახურული ინფორმაცია კონკრეტული ჩინოვნიკის ხელში.

„მნიშვნელოვანია რომ გამოძიებამ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ, თავად განმარტოს და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია თუ რა მოვლენასთან გვაქვს ადგილი. იყო თუ არა კონკრეტული ინფორმაცია მიწოდებული რომელიმე ჩინოვნიკთან ან ვთქვათ პარტიის წარმომადგენლებთან, ვისაც ეს არ ეხება მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. თუკი ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, ეს ალბათ უფრო მიზანმიმართული ნაბიჯი იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მაგრამ ფაქტია ერთი რამ, რომ ამ საქმეზე არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას არ მიუღია ამ დრომდე სამწუხაროდ პასუხი,“- სულხან სალაძე.

როგორც მამუკა ხაზარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “ფორბსის კვირაში” განაცხადა, მთავრობის წარმომადგენლები საქმესთან დაკავშირებით, მისი ჩვენებიდან ამონარიდებით საუბრობენ და ცდილობენ, რომ  ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი დააზიანონ.

">