თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ლევან იზორიას მოუსმენენ

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თავდაცვისა და უშიშროების სხდომაზე ანგარიშით წარდგება. მინისტრმა სხდომაზე შესვლამდე კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით, ოპტიმიზაცია დაიწყო იმ მიზნით, რომ თანხები უმეტესწილად მიმართულიყო შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. იზორიას თქმით, ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53%  2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი.

„გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს. კერძოდ, ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53%  2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი. თუ 2015 წელს ეს იყო 66%, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გახდა 53%.

ამის შედეგად მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ, კერძოდ, მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე, კერძოდ, თქვენ იცით, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რასაც ვაკმაყოფილებთ და მეტიც, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ და ეს არის ისტორიული მოვლენა და ისტორიული მოვლენაა სწორედ ის, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საუბარია „ჯაველინის“ სისტემებზე. წელს ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე. ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს უფრო დაცულად“,-განაცხადა იზორიამ.

/</a></iframe>