თანატოლების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

თანატოლების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვს. ირმა ჭკადუას განცხადებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას.

„მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თვითონ ბავშვი გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მან თავად მიუთითა დანაშაულის იარაღზე, თანამშრომლობს გამოძიებასთან. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას, ვინაიდან ფსიქო-ემოციური ფონი ბავშვებში არის ძალიან მძიმე და იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი, თუმცა ნაკლებად მგონია, რომ სააპელაციო სასამართლომ ჩვენი საჩივარი დააკმაყოფილოს“,-განაცხადა ჭკადუამ.

მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა თბილისში, “წითელ ბაღში” მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, 31 იანვარს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-12 კლასელია.

">