IDFI: სასამართლომ 4 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება გააჩერა

„ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი“ (IDFI) აცხადებს, რომ როგორც მათთვის 4 აპრილს გახდა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ მოსამართლეთა შორის არიან -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“ სანქცირებული ორი მოსამართლე — მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.
IDFI-ის განცხადებით, 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის, 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს.
ორგანიზაციის თქმით, კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.
„შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადიშვილმა, ველერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება,“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.
IDFI აღნიშნავს, რომ მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთ-ერთი სექტორია.
ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია:
„კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.
მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას,“ — ნათქვამია განცხადებაში.
ნეტგაზეთმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურს მიმართა კითხვით, რატომ ეწინააღმდეგებიან აღნიშნული მოსამართლეები მათი ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას და რა არგუმენტით მიმართეს სასამათლოს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ