ჰოლანდიაში ახალ წელს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, არის მსხვერპლიც

ჰოლანდიის პოლიციის ცნობით, მათ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ახალი წლის ღამით მომხდარი ძალადობის გამო. მთავრობის განცხადებით, რომელიც 1 იანვარს გავრცელდა, არეულობას ადგილი თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა, რომლის დროსაც ათობით პოლიციელი დაშავდა.
პოლიციას რამდენიმე ქალაქში დაესხნენ თავს ფოიერვერკებით და ქვებით, დაწვეს კერძო და სამთავრობო ქონება, – განაცხადა ჰოლანდიის პოლიციის პრესსპიკერმა მაუწყებელთან NOS. მისი თქმით, ეს იყო სერიოზული ინციდენტებისა და “მიუღებელი” ძალადობის ღამე.
ქალაქ როტერდამის პოლიციის ცნობით, იქ 100-ზე მეტი მანქანა დაწვეს. ამსტერდამში, ჰააგაში და სხვა ქალაქებში შეკრებილი ხალხის დასაშლელად და მათი მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად, საჭირო გახდა სპეცრაზმის გამოძახება.
სპეცრაზმი მთელი ქვეყნის მასშტაბით სახანძრო ბრიგადების დასახმარებლადაც გამოიყენეს. მეხანძრეებს ჯგუფურად ესხმოდნენ თავს მაშინ, როდესაც ისინი ცდილობდნენ ხანძრის მრავალი კერის ჩაქრობას.
ახალი წლის ღამით ჰოლანდიაში მომხდარ არეულობას მსხვერპლიც მოჰყვა. ქალაქ ჰარლემში, ახალი წლის დადგომის წინ, 19 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ფოიერვერკებით მიყენებული დაზიანების გამო, განაცხადა პოლიციამ.

ასევე დაგაინტერესებთ