ჰააგის სასამართლო განიხილავს ისრაელის მიერ პალესტინელთა შესაძლო გენოციდის საქმეს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო(ICJ), რომელსაც გაეროს საერთაშორისო სასამართლოსაც უწოდებენ, 11 და 12 იანვარს, ჰააგაში განიხილავს საჩივარს, რომელიც ეხება ს მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდს.
ისრაელის წინააღმდეგ საჩივარი 2023 წლის 29 დეკემბერს შეიტანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ. თუ სასამართლო მომჩივნის პოზიციას გაიზიარებს, ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მოსთხოვს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს, 11 იანვარს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციას მოისმენს, 12 იანვარს კი – ისრაელის.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელის მიერ პალესტინელთა გენოციდად აფასებს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას ხალხის დახოცვას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დასახიჩრებას, იძულებით ევაკუაციას და ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ შიმშილს.
ისრაელი მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს აბსურდულ ცილისწამებას უწოდებს. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის, ეილონ ლევის განცხადებით, ტრაგიკულია, რომ კეთილმოსურნე ერი, რომელიც რასზმთან ბრძოლით ამაყობს, ანტიებრაელი რასისტებისთვის იბრძვის. ისრაელის პოზიციაა, რომ მისი ომი მიმართულია არა პალესტინელი ხალხის, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წინააღმდეგ.
· ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა ამ რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 22 000-ზე მეტი ადამიანი.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში.