„ჯარიმა ფოტოს გადაღებისთვის, ცრუ გამაფრთხილებელი ნიშნები” – უცნაური შეზღუდვები, რომლებიც ქვეყნებმა ტურისტებისთვის დააწესეს

2023 წელს ქვეყნებმა ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად ზოგიერთმა ქვეყანამ ბევრი და ზოგიერთი უცნაური რეგულაციაც კი შეიმუშავა. Euronews travel-მა იმ უცნაურ რეგულაციებს მოუყარა თავი, რომლებიც ქვეყნებმა „ოვერტურიზმის“ დასაძლევად 2023 წელს მოგზაურებს დაუწესეს.
სარდინიის ცნობილ, ლამაზ სანაპიროებს ტურისტები ჯგუფებად სტუმრობდნენ. ხალხმრავლობის დასაძლევად კი ხელისუფლება უცნაურ გადაწყვეტილებამდე მივიდა. რეგულაციები ვიზიტორთა რაოდენობასა და დროის ლიმიტის შემოღებაზე გავრცელდა. ეს ყველაფერი არ არის – დასავლეთით მდებარე პელოსას სანაპიროზე აიკრძალა პირსახოცები. სარდინიაში, ვარდისფერ სანაპირო – Spiaggia Rosa-ზე აიკრძალა ქვიშაზე სეირნობა, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში კი 500 ევროს ოდენობის ჯარიმაც დაწესდა.
2023 წელს შეზღუდვები გავრცელდა პორტუგალიის სანაპიროს ვიზიტორებზეც. ტურისტებს მუსიკის ხმამაღლა მოსმენისთვის 36 000 ევრომდე ჯარიმა ემუქრებოდათ. ქვეყანამ სანაპიროებზე პორტატული დინამიკები აკრძალა. სანაპიროს ტერიტორიაზე მოედნების მიღმა ბურთით თამაში, დაბანაკება და ცეცხლის ანთებაც შეიზღუდა. თითოეული დარღვევა შესაბამისს სანქციას დაექვემდებარა.
იტალიის რივიერაზე მდებარე პატარა ზღვის ქალაქი პორტოფინო ტურისტების ცხელ წერტილად იქცა. ხალხმრავლობამ ადგილობრივები განსაკუთრებულად შეაწუხა. ქალაქის ვიწრო ბილიკებსა და გზებზე გადაადგილებას ის ტურისტები აფერხებენ, რომლებიც “სელფებს” იღებენ. პრობლემის აღმოსაფხვრელად პორტოფინოს მერმა წელს ზაფხულის თვეებში მოსაცდელი ზონები შემოიღო. ტურისტებს, რომლებიც დილის თერთმეტის ნახევრიდან საღამოს ექვს საათამდე „სელფების“ გადაღებას დიდ დროს უთმობდნენ, 270 ევროს ოდენობის ჯარიმა დაემუქრათ.
კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც 2023 წელს ჭარბ ტურიზმს ებრძოდა, ავსტრია იყო. ავსტრიის მთებში მდებარე, ქალაქი ჰალშტატის ხედები დისნეის ანიმაციის – „ფროუზენის“ შთაგონების წყაროდ მიიჩნევა. ბევრი ტურისტი ამ ქალაქს სწორედ ამ ცნობილი ანიმაციის სიყვარულის გამო სტუმრობს. „ფროუზენის“ გამორჩეული, პოპულარული ხედების ფონზე უამრავი მოგზაური იღებს „სელფს“. ფოტოს გადაღებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტერიტორიაზე ღობე გაკეთდა. ბარიერის მიზანი ხალხმრავლობის განეიტრალება და ასე მოსახლეობის ხმაურისგან დაცვაა.
2023 წელს, ყველაზე უცნაური შეზღუდვები ჭარბი ტურიზმისგან თავის დაღწევის მიზნით, მოგზაურებს თავად ადგილობრივებმა დაუწესეს. აქტივისტებმა მალიორკას სანაპიროებზე, ცრუ გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსეს. ზოგიერთი ნიშანი ტურისტებს „საშიში მედუზების“, ზოგიერთი „კლდეების ჩამოვარდნის“ ან სულაც კანალიზაციით დაბინძურებული ზღვის წყლის შესახებ ამცნობდა. ინგლისურენოვანი ყალბი გამაფრთხილებელი ნიშნები ტურისტებს ცურვასაც უკრძალავდა. ნიშნებზე, ქვემოთ ესპანური ტექსტიც იყო დატანილი, რომელიც ადგილობრივებს ატყობინებდა, რომ ეს გაფრთხილებები ყალბია და ის მათზე არ ვრცელდებოდა.
bm.ge