“ხელფასის ზრდა ცუდი რატომ არის თანამშრომლებისთვის” | ანაზღაურებას კახელი საჯარო მოხელეებიც იზრდიან

ხელფასებს იზრდიან კახელი საჯარო მოხელეებიც – გურჯაანისა და სიღნაღის საკრებულოს წევრები სხდომაზე უკვე შეიკრიბნენ და 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიიღეს. ბიუჯეტში გაწერილია, რომ მომდევნო წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება. რამდენიმე დღეში გაიმართება თელავისა და სხვა საკრებულოების სხდომა, სადაც მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, ასევე მათი მოადგილეებისა და სხვა ჩინოვნიკების სარგო უნდა გაიზარდოს.
მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასი 6 000 ლარს გასცდება. მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე საჯარო მოხელეებს არ აქვთ პასუხი, რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ხელფასის ზრდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის ემზადება.
“ამ საკითხზე ტელეფონზე მაინც ბოლომდე ვერ შევთანხმდებით, ხომ არ ჯობია მობრძანდეთ და გაგაცნობდით თელავის მერიას რამდენი სოციალური პროგრამა აქვს. თქვენ მითხარით თქვენი პოზიცია, ხელფასის ზრდა ცუდი რატომ არის თანამშრომლებისთვის, რომლებიც დღის განმავლობაში მუშაობენ, ანაზღაურება აქვთ. ვისი ხელფასი აღემატება 6 000 ლარს, ტყუილს ამბობთ, [თქვენი მაგალითად] არ აღემატება 6 000 ლარს”, – ამბობს თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ხელფასების გაზრდას მხარს არ უჭერენ, თუმცა “ოცნება” გადაწყვეტილების მიღება არ უჭირს, რადგან უმრავლესობა აქვს.
თელავში მრავალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ დაზიანებულია კედლები, ჩადის წყალი, მოუწესრიგებელია ეზოები, მცირე ნალექის დროს წყალი დგება და გადაადგილება ჭირს. ისინი ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, წლებია მათი პრობლემა მოუგვარებელი რჩება.
ავტორი: ია გულიაშვილი.