ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის პარტნიორს მიმდინარე წელს შეარჩევს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის პარტნიორის შერჩევა მიმდინარე წელსვე მოხდება. პორტის მშენებლობაზე პრეტენზიას 2 უცხოური  კომპანია უკვე აცხადებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტზე წინადადებების წარმოდგენა 20 მაისისთვის დასრულდება.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, 2024 წელს დაიწყება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებიც.

„ფინალურ ეტაპზე ჩვენ გვყავს 2 პრეტენდენტი, რადგან ეს არის ძალიან კომპლექსური პროექტი, მოითხოვეს 3 თვით ვადის გახანგრძლივება, რათა დაზუსტებული წინადადებები წარმოადგინონ. ასევე, თითოეულ კომპანიასთან ჩვენ გვქონდა საკმაოდ დეტალური განხილვის პროცესი, წარმოადგინეს დამაზუსტებელი კითხვები, ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი გავეცით.

100-ზე მეტი კითხვა იყო ჯამში ორივე პრეტენდენტის მხრიდან. საბოლოოდ, 20 მაისისთვის წინადადებების წარდგენა უნდა დასრულდეს და შემდგომში, ჩვენ უნდა შევარჩიოთ გაწერილი გეგმის მიხედვით, თუმცა ყველა შემთხვევაში შერჩეული იქნება კერძო პარტნიორი მიმდინარე წელს. ასევე, მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყებთ საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური გუნდის წევრებს უსმენენ.

მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი ნდობას 8 თებერვალს გამოუცხადებს. ასევე დამტკიცდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ახალი სამთავრობო პროგრამაც.

შეგახსენებთ, 2023 წლის 3 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი ლარი უკვე წელს გამოვუყავით. ანუ ჩვენი მხრიდან დასადები თანხები მობილიზებულია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

ანაკლიაში პორტის აშენებით დაინტერესებულია  შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები. 

როგორც საქართველოს მთავრობაში მაშინ აღნიშნეს, ანაკლიის პორტის აშენებაში მთავრობა ჩაერთვება და ინვესტორებთან ერთად დაფუძნებულ კომპანიაში 51%-იანი წილი ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ