ჭიაბერაშვილი: ვინც მანიფესტს არ შემოუერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება

ენმ-ს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ვინც ნაციონალური მოძრაობის მანიფესტს არ შეუერთდება, მას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიის კარი ყველასთვის ღიაა.
“მანიფესტი არის ნაციონალური მოძრაობის განაცხადი, რომ გვაქვს ღია პლატფორმა და ვისაც აქვს სურვილი შემოუერთდეს იმ პრინციპებს, რაც მანიფესტშია ჩამოწერილი, კარი ყველასთვის ღიაა. ვინც პარტიის გაუმართლებელი კრიტიკით და პარტიის ლეგიტიმურად არჩეული სტრუქტურების ეჭვქვეშ დაყენებით ცდილობს, რომ პარტია დაასუსტოს, ის თვითონ აყენებს თავს პარტიის გარეთ. პარტიაში ამ მანიფესტზე გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მისაღები აქვს იმ ადამიანებს, ვინც ამ მანიფესტს ნებისმიერი ფორმით შემოუერთდება, იქნება ეს სოციალური მედია, ტელევიზია თუ ა.შ. თუ არ შემოუერთდება, დამოუკიდებელ გზას აირჩევს. ჩვენ გაგვიხარდება, თუ პარტიას ისინიც შემოუერთდებიან, ვისი განცხადებებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამწუხაროდ, პარტიის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ეს მათი არჩევანი იქნება. ნაციონალური მოძრაობა ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოუერთდება, ხოლო ვინც არ შემოუერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება”. – თქვა ჭიაბერაშვილმა.
დღეს, 23 ნოემბერს ენმ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს. ღონისძიებაზე ენმ-ს გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს და პარალელურად პარტიის სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ.