“წყალი გრაფიკის გარეშე მოდის” – როგორია ყაზბეგის ტურისტული სეზონი?

ყაზბეგი გაზაფხული-ზაფხულის კურორტია, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ კლიმატური პირობების, თოვლის გათვალისწინებით, ტურისტების მხრიდან ყაზბეგში დასვენებასთან დაკავშირებით ინტერესი ზამთარშიც ფიქსირდება, აქ კი მთავარი ისაა, თუ როგორ პასუხობს სასტუმრო ბიზნესი ამ ინტერესს.
ტურისტული ობიექტის – „ყაზბეგი გლემფინგი“ დამფუძნებელი გიორგი ფეხმაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ ჯავშნები თებერვალი-მარტის პერიოდზე ნაწილდება და ადრე თუ დამსვენებელი წინასწარ ჯავშნებს დიდი ხნით ადრე აკეთებდა, ახლა ეს პრაქტიკა შეიცვალა.
ტურისტული ობიექტის მფლობელი გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი პრობლემა კომუნიკაციებია. მათ შორის წყალი, რომელსაც გრაფიკი არ აქვს და ზამთრის პერიოდში მოსახლეობას თუ სასტუმრო ბიზნესს შეფერხებით მიეწოდება.
„თებერვალსა და მარტში რამდენიმე ჯავშანი გვაქვს. დამსვენებელი ადრე დიდი ხნით ადრე ჯავშნიდა, ეს შეიცვალა და ახლა ისინი წინასწარ ჯავშნებს ერიდებიან. დამსვენებლები ძირითადად ლარსიდან შემომსვლელი რუსები არიან, თუმცა ფიქსირდება ევროპელი ტურისტების აქტივობაც.
ყაზბეგში ზამთარი ტურისტულად აქტიური ნაკლებადაა, მაგრამ წელს განსაკუთრებულად ცოტა ხალხია. ევროპელებს ჰგონიათ, რომ რეგიონში დაძაბულობაა და ამიტომ იკავებენ თავს ყაზბეგში დასვენებისგან.
რაც შეეხება გამოწვევებს, ყაზბეგში ძირითადი სირთულე მაინც კომუნიკაციების პრობლემაა. მაგალითად, წყალი გრაფიკის გარეშე მოდის, არ ვიცით რომელზე მოვა. ჩვენ ვხმარობთ წყლის რეზერვუარებს, მაგრამ მაშინ როდესაც სასტუმრო დიდი დატვირთვით მუშაობს, რეზერვუარები საკმარისი არ არის“, – აღნიშნავს „ყაზბეგი გლემფინგის“ დამფუძნებელი.