ძებნა გამოცხადდა კაცზე, რომელიც 14 წელს მიუღწეველ დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა

ძებნა გამოცხადდა კაცზე, რომელიც 14 წელს მიუღწეველ დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.
“მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის მერე მიმართა, ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება დადასტურდა.
ვინაიდან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურება 2013 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მსჯავრდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით“,-აცხადებს პროკურატურა.