„ციანიდის საქმე“, როგორც რუსულ-ქართული სპეცოპერაცია საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 2017 წლის თებერვალში, ჯერ პატრიარქ ილია მეორის „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით დააკავეს. თუმცა, შემდეგ, პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით გაასამართლეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ასეთი ხმაურიანი ბრალდების მიუხედავად, პროკურატურამ საბოლოოდ მაინც ვერ გასცა პასუხი შეკითხვას, რა მიზნით „აპირებდა“ მამალაძე ჯერ პატრიარქის და შემდეგ, მისი მდივნის „მკვლელობას“? ვინ იყო ამ დანაშაულის დამკვეთი? ვისგან „შეიძინა“ დეკანოზმა ციანიდის ნატრიუმი? ამ სკანდალური საქმის მიმართ, დღემდე არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა დეკანოზმა ბრალი არ აღიარა, განთავისუფლების შემდეგაც ამბობს, რომ უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. 2022 წელს, სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ მამალაძის მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა ერთხელ უკვე დაადგინა.
ჩემი მთავარი გეგმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა, შემდგომ უკვე ყველაფერი იქნება, ბრძოლა გრძელდება, ცხოვრება გრძელდება, ჩემი დაკავება არის უსამართლობა დეკანოზი გიორგი მამალაძე
მეორეს მხრივ, „ციანიდის საქმეს“ ტექტონიკური ძვრები მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში.
დეკანოზ მამალაძის დაპატიმრების შემდეგ, პატრიარქობაზე საბოლოოდ თქვა უარი, ტახტის მთავარმა პრეტენდენტმა, პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა. იმავე წელს, პატრიარქმა მოსაყდრედ სრულიად მოულოდნელად, ღიად პრორუსი მეუფე დაასახელა.
ვინ დაგეგმა და რატომ ჰქონდა ამხელა გავლენა „ციანიდის საქმეს“ საქართველოს ეკლესიაზე, პატრიარქ ილია მეორეზე, მის ძმისშვილზე მეუფე დიმიტრიზე და მთლიანად საპატრიარქოზე, ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე თეოლოგიის დოქტორს გოჩა ბარნოვს ესაუბრა:
თქვენ იყავით, ერთ-ერთი იმ თეოლოგთა შორის, ვინც 2021 წელს, „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლეს“ მოაწერეთ ხელი, სადაც „ციანიდის საქმეზე“ საპატრიაქროს კერძოდ წერდით, რომ „ამ საქმის სკანდალურმა აფეთქებამ ერთბაშად წარმოაჩინა ეკლესიაში მიმდინარე ფარული და დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისათვის. მზის სინათლეზე გამოვიდა მაღალი იერარქიის არაერთი წარმომადგენელი, რომელნიც ერთმანეთის სულიერ/მორალური განადგურებისათვის არაფერს იშურებდნენ. გამოძიება ბუნდოვნად წარიმართა და პოლიტიკური სარჩულიდან გამომდინარე ლოგიკურად დასრულდა…პატრიარქი და მთელი საპატრიარქო გაუგონარ გულცივობას ამჟღავნებს და არც კი ნახულობს ჯანმთელობა შერყეულ, ციხეში მყოფ დეკანოზს“…
დიახ, ამ შეფასებას გავიმეორებ ახლაც, „ციანიდის“ ძალიან რთული „საქმე“, რეალურად იყო, ბოლო წლებში, საპატრიარქოში არსებული კლანების, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი დაპირისპირება. ეს იყო შიდა კლანური ბრძოლა საპატრიარქოს ტახტისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ