„ცენტრ პოინტისგან“ გადაბარებული კრწანისის პროექტი „მეტი დეველოპმენტმა“ 3 წელია ვერ დაასრულა – დაზარალებულები კვლავ მოლოდინში არიან

„სხვა გამოსავალი თუ არ დარჩა, მივმართავთ სასამართლოს. თუმცა, 4 და 5 წელი თუ გაიწელა პროცესი, „დაზარალების“ საკითხს სასამართლო ვერ მოაგვარებს. გამოდის, რომ 15 წელი დავკარგე ბინის ლოდინში“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ეკოსიტი კრწანისის“ პროექტის ბინის მესაკუთრე სერგი გიგანი აცხადებს. ის გვიყვება, რომ 2017 წელს კომპანიას სააქციო შემოთავაზება ჰქონდა, რეკლამით მოიხიბლნენ და „ეკოსითი კრწანისში“ ბინა იყიდეს, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულებულიყო თუმცა, დღემდე არ დასრულებულა. საუბარია „ეკოსიტი კრწანისის“ 3 კორპუსზე, რომელიც „ცენტრ ფოინთიდან“ „მეტი დეველოპმენტმა“ გადმოიბარა და თავის თავზე აიღო წლების განმავლობაში დაუსრულებელი მშენებლობების დასრულება.
„2017 წელს ჰქონდა კომპანიას სააქციო შემოთავაზება, მოვიხიბლეთ რეკლამით და ვიყიდეთ ბინა „ეკოსიტი კრწანისში“. მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 2019 წლის სექტემბერში. რა თქმა უნდა, არ დამთავრდა. ეს ბლოკები „ცენტრ ფოინთიდან“ „მეტი დეველოპმენტმა“ გადმოიბარა და ამ კომპანიას უნდა დაეკმაყოფილებინა, მათ შორის, „ცენტრ ფოინთის“ დაზარალებულები. მერე იყო პრობლემები, ვრეკავდით, იყო შეხვედრები, იძახდნენ – ხან 2 კვირაში გაგრძელდება მშენებლობა, ხან 3 კვირაში, ახლა იმ საბუთს ველოდებით, ახლა ამ საბუთს ველოდებითო. 2024 წელია და ახლაც გაჩერებულია მშენებლობა“, – ამბობს სერგი გიგანი.
მისი თქმით, კორპუსები 21 სართულზეა გათვლილი და რამდენიმე ათეული ოჯახია დაზარალებული. ამას გარდა, სერგი გიგანი იმასაც ამბობს, რომ უკვე აშენებული სართულების ტიხრები, შესაძლოა, მოსანგრევი და თავიდან ასაშენებელი გახდეს. მისი თქმით, სხვა გამოსავალი თუ არ დარჩა, დაზარალებულები სასამართლოს მიმართავენ.
„სხვა გამოსავალი თუ არ დარჩა, მივმართავთ სასამართლოს. თუმცა, 4 და 5 წელი თუ გაიწელა პროცესი, „დაზარალებულის“ საკითხს სასამართლო ვერ მოაგვარებს. გამოდის, რომ 15 წელი დავკარგე ბინის ლოდინში“, – აცხადებს სერგი გიგანი.
„მეტი დეველოპმენტის“ წარმომადგენელმა შოთა ანდრიაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ უკვე აშენებული სართულების ნგრევის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. C ბლოკის შესახებ მდგრადობის შესახებ დასკვნა უკვე მიღებულია. ელოდებიან დანარჩენი 2 ბლოკის დასკვნას და შემდეგ გაგრძელდება მშენებლობა. მისი თქმით, მიმდინარე წელს აღნიშნული ბლოკების შავი კარკასის მშენებლობა უნდა დასრულდეს, თუმცა მათ ბინებს, ვისაც თეთრი კარკასი უნდა ჩაჰბარდეს, მეტი დრო დასჭირდება.
„მეტი დეველოპმენტში“ აცხადებენ, რომ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას მესაკუთრეებს აქტიურად აწვდიან.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში დედაქალაქის მერმა, მ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც „ცენტრ ფოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ. იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ბინათმშენებლობით დაზარალებულ მოსახლეობას დააკმაყოფილებს, იყო კომპანია „მეტი დეველოპმენტიც“, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიმართულებით სპეციალიზდება.