შალელაშვილის ოჯახის ტელევიზიის გუნდი ხელისუფლებას ბანკების გზით ზეწოლაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ოჯახის ტელევიზიის, TV24-ის გუნდი აცხადებს, რომ ხელისუფლება მათი მუშაობის შესაზღუდად ხელოვნურ ბარიერებს ქმნის. მათი შეფასებით, „ქართულ ოცნების“ მიზანია, ხელი შეუშალოს მედიასივრცეში „ახალი, დამოუკიდებელი აქტორი შემოსვლას“.
„მას შემდეგ, რაც TV24-ის დამფუძნებელმა ტელეკომპანიის გახსნის შესახებ ღიად განაცხადა, ხელისუფლებამ დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ქართულ მედიასივრცეში ახალი, დამოუკიდებელი აქტორის შემოსვლის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ხელოვნური ბარიერის შესაქმნელად და ზღუდავს ტელეკომპანიის ბალანსზე არსებულ ლეგიტიმურ ფინანსურ რესურსებზე წვდომას, ეს კი აფერხებს TV24-ის ეთერში გასვლის პროცესს“, — ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
TV24-ის ერთ-ერთი სახე იქნება ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნანა ლეჟავა. მან ნეტგაზეთს განუმარტა, რომ ვერ ახერხებენ ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას. ამ ეტაპზე ლეჟავამ თავი შეიკავა კონკრეტული ბანკების დასახელებისგან, რადგან სხვადასხვა ტიპის პრობლემა „არის თითქმის ყველა ბანკში“. გარდა ამისა, ისინი ვარაუდობენ, რომ „ბანკი თავად არის ზეწოლის ქვეშ“.
„ბანკებში ვერ ხდება ელემენტარული ტრანზაქციების განხორციელება. მაგალითად, ხელფასების დარიგებისთვის, ან ტექნიკის შესყიდვისთვის და ა.შ. ტრანზაქციები არის აბსოლუტურად შეუძლებელი […] ვართ ძალიან ცუდ დღეში. პასუხი მაინც რომ ვიცოდეთ, ეს რატომ ხდება, ბანკს რატომ აქვს ეს პრობლემა, მაგის მიხევდით ვიმოქმედებდით, მაგრამ პასუხი არ გვაქვს. მხრების აჩეჩვა და „დაგველოდეთ“, „გავარკვევთ“, მაგრამ ეს გარკვევა ძალიან დიდხანს გაგრძელდა“, — უთხრა ლეჟავამ ნეტგაზეთს.
ნანა ლეჟავას თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ მაუწყებლობას მალე დაიწყებდნენ, თუმცა, უკვე რამდენიმე კვირაა ბანკებში თანხების გადარიცხვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ახერხებენ მუშაობის დაწყებას, მათ შორის, ადამიანური რესურსის მობილიზებას, ტექნიკის შეძენას, სტუდიის მოწყობას და ა.შ.
„გვაქვს ამბიცია, რომ გუნდი, რომლის სარედაქციო ბირთვსაც წარმოვადგენთ ჩვენ, ჟურნალისტები: ნანა ლეჟავა, იმედა დარსალია და ირაკლი აბსანძე, მაყურებელს შევთავაზოთ კიდევ ერთი ახალი ობიექტური და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა. მიგვაჩნია, რომ ეს შეტევა არის მიზანმიმართული ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიის, თავისუფალი აზრის და დამოუკიდებელი მედიის ხელყოფას“, — ვკითხულობთ TV24-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შოთა შალელაშვილის ცოლმა, ირა ფიჩხაძემ რადიო-ტელეკომპანია TV24 ვიქტორ მეძმარიაშვილისგან 50 ათას დოლარად იანვრის ბოლოს შეიძინა. ამჟამად „ტვ 24-ის“ დირექტორიც ირა ფიჩხაძეა. როგორ შოთა შალელაშვილი ამბობს, არც ის და არც მისი ცოლი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებენ. შალელაშვილის თქმით, მისი ცოლი ტელევიზიის მართვას არ აპირებს და დირექტორის პოსტს ისეთ ადამიანს გადააბარებს, რომელსაც მედიის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ