ფხენიანი ირწმუნება, რომ მზვერავი თანამგზავრიდან ფოტოები გადაუღო თეთრ სახლს და პენტაგონს

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გამოყენებისთვის ამზადებს მზვერავ კოსმოსურ თანამგზავრს, რომლის მართვის ტესტირება გრაფიკს 1-2 დღით უსწრებს. ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ დღეს, 28 ნოემბერს გამოქვეყნებული ცნობით, აეროკოსმოსური ტექნიკის მთავარმა სამმართველომ გამოცდის შედეგები მოახსენა ქვეყნის მეთაურს, „პატივცემულ ამხანაგ“ კიმ ჩენ ინს.
ფხენიანის თანახმად, კიმ ჩენ ინს გადასცეს მზვერავი თანამგზავრიდან 25-27 ნოემბერს გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია იტალიის დედაქალაქი რომი, ამერიკული სამხედრო ბაზები კუნძულ გუამსა და ვირჯინიის შტატში და ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლი და პენტაგონი. ოფიციალურ შეტყობინებას საილუსტრაციოდ არცერთი ფოტო არ ახლავს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო იმასაც წერს, რომ ამერიკის ვირჯინიის შტატში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზა „ნორფოლკსა“ და გემთმშენებელ ქარხანა „ნიუპორტში“ აღმოჩენილია 4 ამერიკული ატომური ავიამზიდი და 1 ბრიტანული გემი.
ფხენიანის ამ განცხადებას ვაშინგტონისგან რეაქცია ჯერჯერობით არ მოჰყოლია. ჩრდილოეთ კორეამ 22 გამოაცხადა, რომ კოსმოსში გაუშვა რაკეტა მზვერავი თანამგზავრით.

ასევე დაგაინტერესებთ