ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების უკანონოდ რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში სამი იურიდიული და ექვსი ფიზიკური პირი მიეცა

საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში, უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ. გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან ხუთი პირია დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მისი ლეგალიზაცია მოახდინეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ