ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ფრაქციის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა აქტიურად მუშაობს არასამთავრობო სექტორთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში აღარ იყოს მავნე ოლიგარქიული მმართველობა და სახელმწიფო ინსტიტუციები ანგარიშვალდებულები იყვნენ ხალხთან.
“მაშინ, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ საერთოდ აღარ აპირებს სამუშაო ჯგუფების შექმნას და მუშაობას ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან ერთად იმისთვის, რომ შევიმუშაოთ დეოლიგარქიზაციის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში აღარ იყოს მავნე ოლიგარქიული მმართველობა და სახელმწიფო ინსტიტუციები ანგარიშვალდებულები იყვნენ ხალხთან და შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, როგორც ეს არის განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც ივანიშვილის პირობებში, ბუნებრივია, შესრულება არ უწერია, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მწყობრი გეგმა იმისთვის, რომ პირველივე ას დღეში განვახორციელოთ ყველა რეფორმა, რასაც მოითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და სწრაფ ტემპში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ამისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა, იმ პირები ჩართვა, რომლებიც მუშაობენ პროფესიული ჯგუფებიდან, სამოქალაქო სექტორიდან და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.