ფიქრია ჩიხრაძე სამუშაო შეხვედრაზე – ჩვენ არ გვინდა, რომ მთელ ამ პროცესში ლეღვის ფოთლის როლი შევასრულოთ

ჩვენ არ გვინდა, რომ მთელ ამ პროცესში ლეღვის ფოთლის როლი შევასრულოთ, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, პარლამენტში 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო შეხვედრას და იმას, თუ რატომ არ ესწრება მას „ლელო“.
როგორც ჩიხრაძემ განმარტა, ახლა დისკუსიების დრო არ არის და ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო.
„ლელომ“ განაცხადა, რომ ამ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს. მათ შორის, დიდი ნაწილი, როგორც ინიციატივები, პარლამენტშია წარდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ, მათი განხილვა არ მომხდარა. რა გამოცდილება გვაქვს ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სხვადასხვა ფორმატებში მუშაობის – როცა 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე იყო საუბარი, აღმოჩნდა, რომ ნაწილმა საერთოდა დატოვა ის, ნაწილმა თქვა, რომ ამ მუშაობაში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა. როცა საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, რომელშიც პოლიტიკური პარტიები, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, ჩვენ სრულიად ერთპარტიული კონსტიტუცია მივიღეთ, ძალიან ბევრმა მაშინ ეს საკონსტიტუციო კომისია დატოვა იმის გამო, რომ საერთოდ არ ხდებოდა თანამშრომლობა, განსხვავებული აზრის გათვალისწინება. ამის შემდეგ იყო, შარლ მიშელის დოკუმენტი, მაშინაც რა ვნახეთ? „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ამ სამუშაო ჯგუფში შემოსულიყო და რაღაც მიზეზებით ეს კომისია დატოვა.
12 წელია „ქართულ ოცნებასთან“ დისკუსიებში ვიმყოფებით, დისკუსიების დრო უნდა დავამთავროთ, ჩვენთვის ყველაფერი ცხადია და მე მგონი, საზოგადოებისთვისაც. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების ცვლილება, რისთვისაც აუცილებელია მკაფიო პოზიცია გვქონდეს, ჩვენ მკაფიოდ ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ 18 თვის განმავლობაში სპეციალური პოლიტიკური ორგანიზაციაც კი შექმნა – ცოცხალი ტროლების ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ სახელით, რომ ანტიევროპული პროპაგანდა ეწარმოებინა. სამწუხაროდ, ეს არის სახელისუფლებო ძალა, რომელიც საქართველოში რუსულ ინტერესს ემსახურება. ჩვენ ვერავინ დაგვაჯერებს და ვერც საზოგადოებას დავაჯერებთ ვერავინ, რომ ამ ჯგუფებში პროევროპული ნაბიჯების გადადგმა მოუნდებათ. მუშაობისთვის ლეგიტიმური ორგანო არის კომიტეტები, ჩვენ მზად ვართ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ, ჩვენი იდეები, ინიციატივები წარდგენილი გვაქვს. საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადია, კიდევ ერთი იმიტირებული პროცესის წარმართვა საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრისთვის, არანაირი შედეგის მომცემი არ არის“, – განაცხადა ჩიხრაძემ.
მმართველი გუნდის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას საბოტაჟი სურს და არა რეკომენდაციების შესრულებისთვის ხელშეწყობა, ჩიხრაძე პასუხობს, რომ „ხელისუფლება ღიად, ანტიევროპულ განცხადებებს აკეთებს“.
„ახლა ცოტა ხანი თავი შეიკავეს, ჩვენ უნდა მივეხმაროთ იმ ილუზიის შექმნაში, რომ ისინი უცებ, რამდენიმე თვეა, პროევროპულები გახდნენ და პრორუსულები აღარ არიან, ს ინტერესებს აღარ ემსახურებიან საქართველოში. ჩვენ არ გვინდა, რომ მთელ ამ პროცესში ლეღვის ფოთლის როლი შევასრულოთ“, – აცხადებს ჩიხრაძე.
ის, ასევე, გამოეხმაურა ს პოლიტიკაში დაბრუნებას და განაცხადა, რომ ეს „განწირული პოლიტიკური ძალის გადასარჩენად“ გააკეთა.
„ვფიქრობ, ეს არის განწირული პოლიტიკური ძალის გადასარჩენად კიდევ ერთხელ თავით წყალში გადახტომა ამ ძალის მთავარი ლიდერისაგან და შემოქმედისაგან, ბიძინა ივანიშვილისგან. ვიცით, რამდენჯერ გატეხა სიტყვა, ბოლო წასვლის დროს მან თქვა, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა პოლიტიკაში, კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ შემობრუნდა. ეს არის განწირულის ქმედება, მაგრამ მომწონს, რომ პოლიტიკაში ღიად შემობრუნდა, არა იმიტომ, რომ ილუზიები გამაჩნია მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, არამედ ის ახერხებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში კრიტიკის ისრები სხვა, დაბალი დონის ფიგურებისკენ მიემართა, რომლებიც რეალური გადაწყვეტილებების მიმღებები არ არიან და თვითონ ფარდის მიღმა ყოფილიყო დამალული. ჩვენ გვინდა, რომ ყველა დაპირებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ან მისმა გუნდმა გასცა და არ შეასრულა, პირადად მისგან მოვითხოვოთ პასუხები. „ლელოს“ აქვს ასეთი კამპანია, ძველ, შეუსრულებელ დაპირებას ვახსენებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ