უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევიდან ინდუსტრიამ ₾37 მილიონის მოგება მიიღო

სადაზღვევო ინდუსტრიამ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევიდან 2023 წელს 48 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს ₾16 მილიონით აჭარბებს. გაზრდილია მოგებიანობაც. როგორც სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დირექტორი გიორგი ჩაჩუა bm.ge-სთან აცხადებს, სექტორის მოგება გასულ წელს დაახლოებით 37 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.
რაც შეეხება პორტფელის სტრუქტურას, გასული წლის მდგომარეობით პოლისების 60% სატვირთოებზე, 40% კი მსუბუქ ავტომობილებზე იყო გაცემული.
„2023 წელი ჩვენთვის საკმაოდ კარგი იყო იმ კუთხით, რომ მოზიდულ პრემიებთან მიმართებით 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა და თუ იყო ₾42 მილიონი 2022 წელს, 2023 წელი ₾48 მილიონით დავასრულეთ.
ამასთან, პორტფელის სტრუქტურა შეიცვალა. სატვირთოები პორტფელის 60%-ს, 40%-ს კი მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენენ. თუ შევადარებთ, 2019 წელს პორტფელის 70% იყო მსუბუქი ავტომობილები, 30% – სატვირთო. ველოდებით, რომ წელს 50/50-ზე იქნება ეს პროპორცია.
2023 წელს მოგება იყო 37 მილიონის ლარის ფარგლებში, თუმცა კიდევ დაზუსტდება აუდიტის დასკვნის შესაბამისად. მიმდინარე წელს დიდი ზრდა არ გვაქვს დაგეგმილი, დაახლოებით 5-10%-მდე, რადგან სატვირთოების ნაწილში არ ველოდებით დიდ ზრდას და არც მსუბუქებში, სანამ აზერბაიჯანის საზღვარი არ გაიხსნება“, – აცხადებს ჩაჩუა.
მისი თქმით, ცენტრს ძირითადად ქონებრივი ზარალების ანაზღაურება უწევს, მცირე ნაწილია ჯანმრთელობის დაზიანების და გარდაცვალების შემთხვევები.
სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავარ გამოწვევას ინდუსტრიისთვის ინფლაციის გავლენით ავტონაწილებსა და მომსახურებაზე გაზრდილი ფასები წარმოადგენს.
ინფორმაციისთვის, 2018 წლის 1 მარტიდან, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება 100-იდან 200 ლარამდე საჯარიმო სანქციას ექვემდებარება.