“უფლებები საქართველო“ – 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო – პროკურატურამ ექსპერტისთვის წარდგენილი ბრალი შეცვალა

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურამ ექსპერტისთვის წარდგენილი ბრალი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანის გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა.
საკვანძო მტკიცებულების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის ივლისში აცნობა. ამბის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც, სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ექსპერტი მინიმალური სასჯელით – ჯარიმის დაკისრებით – გაეთავისუფლებინა.
ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, მხოლოდ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობის. გარდა ამისა, იგი, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, გადაყენებულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობიდან.
12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, მომხდარის გარემოებები ბუნდოვანია, ხოლო ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება, დაზიანებულია. ამ პირობებში, ოჯახი და „უფლებები საქართველოს“ იურისტები განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ ანის გარდაცვალების საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, რისთვისაც საქმეში ევროპული ან ამერიკული საგამოძიებო უწყებების და ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სებ-ი – „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება – მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან