უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პირებს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება აღარ მოეთხოვებათ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პირებს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება აღარ მოეთხოვებათ – მოსამართლეობის კანდიდატებისთვის დადგენილი არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შემთხვევაშიც ნარჩუნდება.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80-ხმით (1 წინააღმდეგი) “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იმ ინიციატივის გარეშე მიიღო, რომლის თანახმადაც, თუ პირს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება არ ჰქონდა მისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევა არ შეიძლებოდა.
როგორც კენჭისყრის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ეს კონსტიტუციის პრინციპს ეწინაღმდეგებოდა.
„ერთგვარ კომპრომისზე წავედით, როდესაც იყო შემოთავაზება იმისა, რომ კონსტიტუციისგან განსხვავებული რეგულაცია დაგვეინიცირებინა. საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოთხოვნილ 10-წლიან გამოცდილებაზე, ნაცვლად ხუთი წლისა. გამომდინარე იქედან, რომ ეს კონსტიტუციურ პრინციპებთან წინააღდეგობაში მოდის, სასურველია, რომ კენჭი ვუყაროთ არა გამოცდილების 10-წლამდე გაზრდას, არამედ კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, მოთხოვნილი იყოს ხუთი წლის გამოცდილების ქონა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები ევროკომისიის იმ რეკომენდაციების ფარგლებში მოამზადა, რომელიც სასამართლოს რეფორმას უკავშირდება.
პირველი მოსმენით მიღებული პროექტი მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საკითხსაც ეხება. კერძოდ, პროექტის თანახმად, მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წლიდან 1 წლამდე მცირდება. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ზუსტდება – კანონში მიეთითება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმ გარემოების არსებობა უნდა დაასაბუთოს, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ან მივლინების ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით მკაცრდება აკრძალვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის რომელიმე 3-თვიან პერიოდში არჩევის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული 3-თვიანი პერიოდი 6 თვემდე იზრდება. ამასთანავე, დგინდება, რომ პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთი და იმავე სესიის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია.
ამავე პროექტით, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა, საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე იზრდება.
გარდა ამისა, ზუსტდება ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის − მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის − შინაარსი.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი და .