ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს $4.5 მლრდ-ს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მლნ მგზავრს მოემსახურება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $4 მლრდ-ზე მეტი შეადგინა.
როგორც მან ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს $4.5 მლრდ-ს მიაღწევს. ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მლნ მგზავრს მოემსახურება.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, წინსვლაში. ეკონომიკურთან ერთად, ტურიზმს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც ენიჭება. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის განვითარება მიესადაგება ქართულ კულტურას, ტრადიციებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი, ქართველების კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სტუმრის ღირსეული დახვედრა და გამასპინძლება ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იყო. გასული წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. კოვიდით განპირობებული შეფერხების შემდეგ, სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმმა მალევე შეძლო აღდგენა და 2023 წელს საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რითაც საქართველომ „კოვიდამდე“ არსებულ მაჩვენებელს 26% პროცენტით გადააჭარბა. ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს. 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა 4-ჯერ გაიზარდა. 28 ათასიდან 40 ათასამდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. სამჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი. სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა ავიაციის ინდუსტრიაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ისტორიაში პირველად, მილიონ ნახევარი მგზავრი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება“,- განაცხადა კობახიძემ.