ტელეკომპანია “იმედმა” გაასაჯაროვა გზავნილი, რომელიც მათი მტკიცებით, ვარდოსანიძისგან მიიღეს

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ბლოგერ ბექა ვარდოსანიძის მუქარისშემცველი წერილი რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “იმედის” ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე.
ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა ელექტრონულ ფოსტაზე მისული გზავნილის “სქრინშოტიც”, რომელშიც იკითხება:
„მე ბექა ვარდოსანიძემ უკვე დავნაღმე თავისუფლების მოედანი, როგორც თქვენი სატელევიზიო მანქანები, ევროკავშირი და *** თქვენ ტროტილის გარდა ამაღამ ხალხს არაფერი შეხვდება პანკისელი ბოევიკებისგან, პოლიცია აიგნორებს ჩვენს მოთხოვნილებებს რადგან ხუმრობა ჰგონია, დაე აღსდგეს სამართალი და დაეცეს პრო დასავლურია მედია ******!“ – ნათქვამია ტექსტში.
ტელეკომპანიის თანახმად. ელექტრონულ ფოსტაზე წერილის მიღებისთანავე აცნობეს შესაბამის ორგანოებს და მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო მოქმედებაში.
პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით იკითხება, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. სუსში გამოკითხვამდე სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ვარდოსანიძის საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე შენობა (ავტოფარეხი), სადაც ვარდოსანიძე ვლოგებს წერდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე, ვარდოსანიძის ადვოკატმა მედიას უთხრა, რომ მისთვის უცნობია გამოკითხვის საფუძვლები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ბექა ვარდოსანიძის გამოსაკითხად შეყვანიდან რამდენიმე საათში ადგილზე მივიდნენ “კონსერვატიული მოძრაობა”/ “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები.
ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის შეფასებით, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „დაიწყო კონსერვატიული ფლანგის რეპრესიები. ნაცების დროს თუ იყო იარაღის და წამლის ჩადება, ახლა იმეილი ჩაუდეს [ბექა ვარდოსანიძეს]. ბიძინამ დასავლეთთან თავისი ფულის გადასარჩენად დაახურდავა აქ ყველაფერი“, – თქვა ზურაბ მახარაძემ.
31 იანვრის დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, “დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები”.
რადიო თავისუფლება ცდილობს დაუკავშირდეს კლუბ “ბასიანის” და “რატის ბარის” წარმომადგენლებს იმის გასარკვევად, აცნობეს თუ არა მათ შენობებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე და რა ტიპის მოქმედებები ჩატარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ “მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გაატარა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება”.
მუხლი, რომლის საფუძველზეც სუსში მოწმის სახით იკითხება ბექა ვარდოსანიძე, ითვალისწინებს პატიმრობას სამიდან ექვს წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ვიდეობლოგერი და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ წევრი ბექა ვარდოსანიძე ცნობილია ანტილიბერალური, ანტიდასავლური, ანტივაქსერული და ჰომოფობიური გზავნილებით.
ვარდოსანიძეს, რომელიც წლებია, სხვადასხვა პლატფორმაზე მაუწყებლობს, ახლა მხოლოდ ფეისბუკზე 80 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მის ვიდეოებს ათიათასობით ნახვა და ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს.
თვის დასაწყისში, ბექა ვარდოსანიძე გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მან “სამარცხვინო” უწოდა საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, სამების საკათედრო ტაძრიდან გადასაწერად გაეტანათ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა, ხატზე სტალინის გამოსახულების არსებობის გამო.