სოფლის მეურნეობამ ენერგია უნდა მიმართოს იმ პროდუქტებზე, რაზეც ქვეყანა ფულს ხარჯავს – ვაშაკიძე

სოფლის მეურნეობამ ენერგია უნდა მიმართოს იმ პროდუქტებზე, რაზეც ქვეყანა ფულს ხარჯავს, – ამის შესახებ “ჩირინას” დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ BMG-ის ეთერში, განაცხადა.
რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს, ვიდრე ახლა ვითარდება.
“მე ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა იწარმოებოდეს პროდუქტი, რომელსაც საქართველოში ადამიანები მოიხმარენ. რაზეც მოთხოვნა არის. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ ვაწარმოოთ ის, რაზეც ჩვენ ფულს ვხარჯავთ. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, „ჩირინამ“ პირველ რიგში დაიწყო ხორბლისა და სიმინდის შეძენა ადგილობრივი მეწარმეებისგან წინასწარ. პროდუქციას ვყიდულობ საერთაშორისო ფასად და ამ მხრივ პრობლემა არ არის. ეს არის სწორი. მე მგონია, რომ სოფლის მეურნეობამ ენერგია უნდა მიმართოს იმ ფერმერებისადმი, რომელიც აწარმოებს პროდუქციას, რაზეც მაღალი მოთხოვნაა, თუმცა მე არ ვგულისხმობ ფინანსურ დახმარებას“.
მისი თქმით, პროდუქტები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სოფლის მეურნეობამ, ესენია: სიმინდი, ხორბალი, კარტოფილი, მზესუმზირა.
„ხელი უნდა შეეწყოს ხორბლის ისეთი ჯიშების მოყვანას, რაც პურის საცხობად გამოიყენება. არის სხვადასხვა პროგრამები და ჩვენ ვაფინანსებთ არასტანდარტულ ვაშლს მაგალითად, მანდარინს, ახლა დავიწყეთ თხილით წარმოების დაფინანსება და ვფიქრობ, ეს არასწორია. სუბსიდირება მარტო ჩვენი მთავრობის პრობლემა არ არის, წინა წლებშიც ასე ხდებოდა. და მე მგონია, რომ ამით საქმეს ვაფუჭებთ“, – ამბობს ვაშაკიძე.