სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას უმასპინძლა

16 ნოემბერს, მსოფლიოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებას წელს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში „ჰაიარტუნ“ შეიკრიბნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, ხსნის არმიის, მეშვიდე დღის ადვენტისტების წარმომადგენლები.
„სტუმრებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსმა, კირაკოს დავთიანმა, რომელმაც აღნიშნა სააგენტოს დადებითი როლი ტოლერანტული გარემოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გამორჩეული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ღონისძიების მონაწილეებს აგრეთვე, მიესალმნენ: დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, რალფ ბარაისი, რაბინი რახამინ მურდუხაშვილი, ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი ფირბარი, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსი, ანერი გიუნაშვილი, მეშვიდე დღის ადვენტისტთა წინამძღვარი, ბორის ჭარაია, „ხსნის არმიის“ წარმომადგენლობის დირექტორი, კაპიტანი რევაზ ბახტაძე, სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ,ოლეგ ხუბაშვილი, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი, პასტორი ჩარლზ ჰობლიცი და ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი, გიორგი ჩიტაძე.
რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. მან ხაზი გაუსვა საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტოლერანტულ გარემოს და აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე, ჩვენი ვალია, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და ხელი შევუწყოთ ამ ურთიერთობების განმტკიცებას.
რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის დღე საქართველოში ამგვარი ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება. 2016 წელს, ღონისძიების პირველი მასპინძელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, 2017 წელს – ქართველ ებრაელთა თემი, 2018 წელს – ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაცია, 2019 წელს – საქართველოს მუსლიმთა თემი, 2020 წელს – საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირი, 2021 წელს – საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, 2022 წელს კი სახარების რწმენის ეკლესია.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ