სექსუალური შევიწროების გამო, ორ მწვრთნელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ფეხბურთელი გოგოების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამო, ორ მწვრთნელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა.
PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ ამ მოთხოვნით ფეხბურთის ფედერაციას 12 ოქტომბერს მიმართა და მოითხოვა საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მწვრთნელებისთვის დროებით, ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვა – ორივე საქმეში სასამართლომ დაადგინა ათლეტი გოგოების მიმართ სპორტში სექსუალური შევიწროება.
ორგანიზაციის ცნობით, კომიტეტი დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილებებს და მხედველობაში მიიღო მწვრთნელების მხრიდან საფეხბურთო საქმიანობის გაგრძელების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკი. მათი თქმით, კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ორივე შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები საკმაოდ მწვავე ხასიათისაა და ამ საკითხზე სათანადო უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან შემდგომში უმოქმედობამ, შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი.
“კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღების დროს შეაფასა დისკრიმინაციის შესაძლო რისკის პრევენციის საჭიროება და მწვრთნელების ინტერესი, განახორციელონ საფეხბურთო საქმიანობა. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში, უპირატესობა დისკრიმინაციისგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებას მიანიჭა.
შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მწვრთნელებს დროებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანამდე, აეკრძალოთ ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
PHR-ში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და პრეცედენტულია, რადგან კომიტეტმა პირველად მიიღო გადაწყვეტილება მწვრთნელებისთვის საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სექსუალური შევიწროების გამო.
მათი შეფასებით, გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქალი ათლეტების, მათ შორის არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროებისგან დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ