სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე: დაჟინებით მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას ამაზე

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, სენატორმა რიშიმ და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინი განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ისევ ეცდება ე.წ. რუსული კანონის მიღებას.
როგორც სენატორების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პარლამენტს მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. რუსული კანონის მიღებაზე.
“წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბრუნებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს. ეს ყოველივე უფრო მეტად ყოფს ქვეყანას. ეს ჰგავს კანონებს, რომლებსაც იყენებს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური ოპოზიციის შეზღუდვისთვის. დემოკრატიულ ხელისუფლებას საქართველოში ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს.
2023 წლის მარტში ქართველმა ერმა შემოთავაზებული კანონი მასობრივი დემონსტრაციებით უარყო. ეს კანონპროექტი არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესს წაიყვანს არასწორი მიმართულებით, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადამწყვეტი ინდიკატორი გახდება. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უარი თქვას ამ წინადადებაზე”, – წერია განცხადებაში.