სემეკი – ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაცია *303# სერვისით მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი სერვისით – *303#-ით ჯამში, 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სერვისი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მობილურ ტელეფონზე *303# OK-ის აკრეფით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია მიიღონ. *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურ ტელეფონზე. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
მოქალაქეებს შეუძლიათ *303#-ის საშულებით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი.
მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“ მომხმარებლებისათვის.