საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ რეფორმები დააზიანოთ – მინისტრი ჟურნალისტებს

განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ფიქრობს, რომ მასწავლებელთა პროტესტის გაშუქებით მედია მის მიერ ინიციირებულ რეფორმებს აზიანებს. ასე უპასუხა მან “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვას იმ მასწავლებელთა შესახებ, რომლებიც უკვე 6 თვეა დირექტორთა შესარჩევი კონკურსის შედეგებს აპროტესტებენ.
“თქვენ [ფორმულა] მოდიხართ, რა თქმა უნდა, მთავარი, TV პირველი და ყოველდღე ან, არ ვიცი, საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ მთავარი რეფორმები დააზიანოთ – აშუქებთ ორი ადამიანის პროტესტს, რომელიც მნიშვნელოვანია, თავისთავად, ერთი ადამიანისაც კი, მაგრამ გამოგყავთ, ეს თითქოს სისტემური და ათიათასობით ადამიანის პროტესტია. მაშინ, როდესაც 92%-ში იქნება არჩევნები სამართლიანად ჩატარებული”, – განაცხადა ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამილახვარი, რომელმაც 6-თვიანი პროტესტის შემდეგ დღეს პირველად შეხვდა მასწავლებლებს, თითქმის 2-საათიანი საუბრის შემდეგ ამბობს, რომ არ ესმის, რა არგუმენტებზე ელაპარაკებიან ისინი. ის ამტკიცებს, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსი სამართლიანად ჩატარდა. კანდიდატებს, რომლებიც საპირისპიროს ამბობენ, სასამართლოსკენ მიუთითებს და ამბობს, რომ შესარჩევი კონკურსის ათობით კომისიას პირადად ვერ გააკონტროლებს.
“არსად არ გამოკვეთილა რაიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა მასიური უკმაყოფილება გამოეწვია. ბუნებრივია, კონკურსი იმისთვისაა, რომ ვიღაც დარჩა კონკურსს გარეთ. თუ ისინი თვლიან, რომ მათი უფლებები როგორმე დაირღვა, ამისთვის არსებობს სასამართლო. ასე ხდება ცივილურ, დემოკრატიულ ქვეყნებში და ასე მოხდება საქართველოშიც უფლებების დაცვა, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი უფლებები შეილახა”.
სხვა კუთხით სამინისტროსთან ან ნებისმიერ ჩვენს წარმომადგენლებთან, უკიდურესი პროტესტებით თუ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, მით უმეტეს, ულტიმატუმებით ლაპარაკი, უსაფუძვლოა, ვინაიდან ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება სკოლას. სასკოლო საზოგადოებას”, – ამბობს მინისტრი.
საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ იმ სკოლებში, რომლებსაც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ, მინისტრმა დისკრეციის წესით დანიშნოს დირექტორი, ამილახვარი უარით პასუხობს.
“გაისმის ერთეული ადამიანებისგან, რომ დისკრეცია უნდა გამოვიყენოთ. რისთვის უნდა გამოვიყენოთ? რაზე უნდა გამოვიყენოთ? კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ წარდგენის უფლება გამოვიყენეთ”, – ამბობს მინისტრი.
რა შეიძლება იყოს ალტერნატივა? მინისტრს ბრიფინგზე ამაზე არ ისაუბრა. თუმცა შეხვედრის შემდეგ დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, დავით ფერაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო განიხილავს კონკურსის დამატებითი ეტაპის ორგანიზებას სპეციალურად იმ სკოლებისთვის, სადაც დირექტორები ჯერ კიდევ არ აურჩევიათ. უწყების ინფორმაციით, ასეთია სკოლების 8%.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, მაია ეკალაძემ დღეს, 4 დეკემბერს, განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო. იგი უწყების შენობაში დილის 10 საათზე მივიდა საკუთარ განცხადებაზე პასუხის მისაღებად იმის შესახებ, მისცემდნენ თუ არასამინისტროს შესასვლელში პროტესტის გამართვის უფლებას.
6-თვიანი ლოდინის შემდეგ მინისტრი, გიორგი ამილახვარი მას შეხვდა. ეკალაძესთან ერთად იყო დირექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი, დავით ფერაძე. შეხვედრის შემდეგ მათ გააუქმეს ხელფასების იანვრიდან მომატების მოითხოვა, სხვა მოთხოვნების შესასრულებლად კი სამინისტროს წარმომადგენლებს დრო დღის ბოლომდე მისცეს. მაია ეკალაძემ პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა გიორგი ამილახვრის ბრიფინგის შემდეგ დაიწყო. ის ამბობს, რომ დღეს ღამეს სამინისტროს შენობის წინ გაათენებს.
მასწავლებელთა პროტესტზე და მოთხოვნებზე დეტალურად წაიკითხეთ მასალა:
· “დამარწმუნებელი, დროში გაწერილი პასუხები არ მიგვიღია” – მინისტრი შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც შიმშილობას აპირებენ