საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ან ინსტიტუტი) და CRRCსაქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ.
სიღარიბე და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები დაუცველობის გრძნობის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია – აღნიშნული მიგნება სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით არ განსხვავდება. უმეტესობის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, ქალთა უფლებებთან და განათლებასთან დაკავშირებით წინსვლაა, თუმცა ყოველი მეორე მოქალაქე იმასაც ამბობს, რომ კრიმინალთან და სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესებულია. მეტიც, ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე. ამ კუთხით კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვთ.
მოქალაქეები – განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა – ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის მანძილზე ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს.
ახალმა კვლევამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ – განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ესენია: განათლება, ჯანდაცვა, უსახლკარო ცხოველები და მენტალური ჯანმრთელობა. აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს. რაც შეეხება უსახლკარო ცხოველებს, ნიშანდობლივ ძაღლებს, ეს საკითხი ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლად არის გაზრდილი.ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68 პროცენტი) აწუხებს, განსაკუთრებით თბილისსა და პატარა ქალაქებში.
უმრავლესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ხოლო ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების მაღალ საფასურს უკავშირდება. უმრავლესობის შეფასებით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (41 პროცენტი) ამბობს, რომ არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს მენტალური ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად.
„კვლევა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის ერთსულოვან ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ძლიერი და განვითარებული საქართველო. საქართველოს მოქალაქეების ეს ხედვა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ევროპულ მომავალზე გადის. პოლიტიკურ წრეებში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნება პარტიულ სიმპათიებზე მაღლა დგას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, მოსახლეობის საჭიროებებზე ფოკუსირდნენ და ხორცი შეასხან საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხედვას,“ – განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.
ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება გრძელდება 62 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ ემსახურება. მონაცემების პარტიული მხარდაჭერის ჭრილში ანალიზი აჩვენებს, რომ ამ განწყობას „ქართული ოცნების“ ყოველი მეხუთე, ოპოზიციური პარტიების ყოველი მეორე, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს. ამასთანავე, უმრავლესობა (53 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.
„ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი საქმიანობა მოსახლეობისმისწრაფებებსა და საჭიროებებს დაუკავშირონ. ეს კვლევა არის უმნიშვნელოვანესი შეხსენება ყველასთვის, რომ პოლიტიკოსები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგნენ და საქართველოს მოქალაქეების საერთო ოცნებებსა და კეთილდღეობას ემსახურონ,” – განაცხადა ალან გილამმა.
NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.