საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაური იყო

საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაური იყო. ადგილზე მისულ მხარდამჭერებს მანდატურები რუპორის შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მათ შორის მცირედი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
კამათის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ბანერი მაინც გაშალეს, წარწერით „თავისუფლება მიშას“.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ, ასევე, დროშები და მიხეილ სააკაშვილის ფოტოები.
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სავარაუდოდ, პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად დაესწრება პატიმარი სააკაშვილი.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ასევე დაგაინტერესებთ