სასჯელი დანაშაულის გარეშე – უკანონო კანონი “კანონიერ ქურდებზე” – სოფო ბონდარენკო

ადვოკატი, სოფო ბონდარენკო:

კანონიერი ქურდი, ყოფილი საბჭოთა კავშირის დამახასიატებელი ტერმინია და ამ ტერმინს, მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია. კანონიერი ქურდების გამოჩენა დაიწყო დაახლოებით 1930–იანი წლებიდან და იგი იქცა არაპოლიტიკური წინააღმდეგობის და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ტენდენციად, სტალინის რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის ფონზე.
კანონიერ ქურდებზე კანონი, წინა ხელისუფლების დროს შემოვიდა ქვეყანაში, თუმცა, ქართული ოცნების პირობებში, იგი გამკაცრდა და როგორც იურისტები, ადვოკატები, ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, გახდა, იდეოლოგიის დამსჯელი და არა ქმედების. მაგალითად, მე, რამდენიმე ადამიანთან ერთად, შემიძლია, პირს ბრალი დავდო, რომ ის კანონიერი ქურდია, ან, შეიძლება, ვინმე, სულაც, თავად ადგეს და თქვას თავის თავზე, რომ კანონიერი ქურდია, სახელმწიფოსთვის, ეგაც კი საკმარისია. არ აქვს მნიშვნელობა, ჩაიდინა, თუ არა, დანაშაული, არ აქვს მნიშვნელობა, დაგეგმა, თუ არა, დანაშაული, სახელმწიფო მეუბნება, რომ მას უთხრეს რა, რომ ეს პირი კანონიერი ქურდია, მას ამისი სჯერა და მორჩა – ბრალდების ტვირთი, როგორც წესი, კი სახელმწიფოზეა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში, პროკურატურა და სასამართლო, საერთოდ აღარ არის ვალდებული ბრალი ამტკიცოს, რადგან, მას შეუძლია, ბრალის დამტკიცების გარეშე, დანაშაულის დამტკიცების გარეშე გაუშვას ადამიანი ციხეში.
დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ტერმინს – კანონიერი ქურდი, მსოფლიო პრაქტიკაში, ანალოგი არ მოეძებნება, შესაბამისად, სხვა ქვეყნების პრაქტიკას ვერ გამოვიყენებთ. ჯერ კიდევ 2014 წელს, 223 (1) მუხლის გაუქმებას უამრავი ადამიანი ითხოვდა, ისინი თვლიდნენ, რომ ამ მუხლის საფუძველზე, ბევრი პატიმარი უკანონოდ იხდიდა სასჯელს, მსჯავრდებულთა მოთხოვნას იზიარებდა ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. ადვოკატი, 2018 წელს, კანონის გამკაცრებამდე, ცოტა ხნით ადრე ამბობდა, რომ ბოლო წლებში, გამამართლებელმა განაჩენებმა, იმატა და მართლაც ასე იყო, 2018 წლამდე, კანონიერ ქურდობაში ბრალდებული პირებისათვის, დანაშაულის დამტკიცება იყო საჭირო, ცხადია, ცალკე პრობლემა იყო მაშინ ის, რომ კანონი ერთს ამბობდა და ხშირად, ხელისუფლება – მეორეს.
გელა ნიკოლაიშვილი, 2018 წელი:
„კონკრეტულად კანონიერ ქურდებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ხელისუფლების დაკომპლექსებიდან გამომდინარეობს. ოპოზიცია სულ უკიჟინებს, რომ თქვენ კრიმინალურ სამყაროს ხელს უწყობთ, მათთან შეკრული ხართ, კანონიერი ქურდები თქვენი მეგობრები არიანო. არადა რეალურად კანონიერი ქურდები არც ერთი არ არის საქართველოში, ერთი-ორია და ისიც ციხეში. როდესაც გამოდიან, პირდაპირ მიჰყავთ საზღვარზე და უშვებენ ქვეყნიდან.
ქმედებაა დანაშაული და არა – თავის თავისთვის სახელის დარქმევა. თუ ადამიანს ვერ დაუმტკიცე, რომ ან ე.წ. ობშიაკი შეაგროვა, ან ქურდულად გაარჩია, ვიღაცას რაღაცა გამოსძალა და ასე შემდეგ, მარტო ის, რომ რაღაც ჰაერზე თქვა, ეს არასწორია და ეს სტანდარტი დღეს შეცვლილია.
ამიტომაც არის, რომ კანონიერი ქურდების გამამართლებელი განაჩენები გახშირდა – ვერ უმტკიცებენ დანაშაულს. ეს ადამიანები 10-15 წელია, საქართველოში არ ყოფილან და როგორ გინდა დაუმტკიცო, უცხოეთში რა საქმიანობას ეწეოდა. აქ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. თუ ამ სტანდარტს ამკვიდრებ, რომ ქმედებისთვის უნდა გაასამართლო, ქმედება არ აქვთ ჩადენილი. დღეს რაღაცას ეძებენ ისეთს, კი ბატონო შეიძლება რაღაცა დაკონკრეტდეს, მაგრამ ის, რომ თუ ამ ადამიანს ხელი ჩამოართვი, დაელაპარაკე, ან გთხოვა, რომ საქართველოში მოდის, ან ახლობელს აგზავნის და შენ სასტუმრო დაუჯავშნე და იმის გამო, რომ შენ მასთან კონტაქტი გქონდა, უნდა დაისაჯო, ეს არის სისულელე და ეს არ იმუშავებს!“
სამწუხაროდ, ამან იმუშავა, ერთი ზარი კი არა, საქმეები არსებობს, სადაც, მაგალითად, გამოძიება ამტკიცებს, რომ სხვა ნომერს უსმენდა და სხვა ნომერი აქვს ბრალდებულს სულაც, არ მომხდარა ხმის იდენტიფიცირება, მაგრამ მას მაინც ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად, ვერ უმტკიცებენ რაიმე სახის დანაშაულს, მაგრამ სამაგიეროდ, „უმტკიცებენ“ სასჯელს.
ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ აქვს ხელზე დახვეული და აცხადებს, აი, სწორი ვყოფილვართ, არ გამამტყუნა სტრასბურგის სასამართლომ და კანონიერ ქურდობაში რომ ვდებდი ბრალს პირს, იმის მიმართ, კანონი, თურმე არ დამირღვევიაო. საქმე ისაა, რომ რეალურად, ამ განჩინებას, არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც იურისტები სახელმწიფოს ედავებიან, რადგან აშლარბას შემთხვევაში, სახელმწიფო მას კონკრეტულ საქმეებზე ედავებოდა, კონკრეტულ ქმედებებზე და ამ ქმედებებს პირი აღიარებდა, ის აპროტესტებდა იმას, რომ არ იცოდა, თუ ეს ქმედებები დასჯადი იყო. მართალია, ამ შემთხვევაშიც, ობიქტურად და ლოგიკურად რომ ვთქვათ, ქმედება შეიძლება სულაც არ იყო სასჯელის პროპორციული, მაგრამ ევროსასამართლო ეგეთ საკითხებზე არ მსჯელობდა და მის წინ, საქმეში იყო, სადაც ერთი მხრივ ქმედებაა, მეორე მხრივ კი – სასჯელი.
წინა ხელისუფლების დრო, მართლაც, ჩურჩულით რომ გეთქვა ვინმეზე, ეს კანონიერი ქურდიაო, კი, ასევე ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე იწყებდა სახელმწიფო ზომების მიღებას და არ დაგიდევდათ იყო, თუ არა ქმედება, მაგრამ მაშინდელი კანონი ითვალისწინებდა ქმედებას, წესით, დანაშაულის მიხედვით უნდა მომხდარიყო დასჯა, პრობლემა ის იყო, რამდენად სრულდებოდა პრაქტიკაში კანონი.
2014 წელს, საქართველოს პარლამენტის, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მაშინდელი თავმჯდმარე, ვახტან ხმალაძე, აცხადებდა:
„ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა არის კანონიერი ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი და უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოქმედებასთან, რომლის გამოც შე ძლება პირი გასამართლდეს. ულტრირებას განაკეთებ და ვიტყვი, რომ იმის გამო, რომ ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, ამის გამო არ შეიძლება ციხეში ჩამსვან”, – თუმცა, ალბათ, ვერც ის იფიქრებდა მაშინ, რომ კი, კანონი ისე გამკაცრდება მალე, რომ ნამდვილად შეიძლება მხოლოდ ამის გამო ჩაგსვან ციხეში, თანაც კარგა ბევრი წლით.
ქართული ოცნების ხელისუფლების პირველ წლებში, არაერთი გამამართლებელი განაჩენი დადგა, სია იმ პირების, რომლებიც ქართულმა მართლმსაჯულებად უდანაშაულოდ სცნო:
დ. გ.
42 წლის დ. გ.–ს სხვადასხვა ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებებში, საერთო ჯამში, 20 წელი აქვს გატარებული.
რ. ლ.
„კანონიერი ქურდი“ რ. ლ., 2016 წელს სასამართლო დარბაზიდან ოვაციების თანხლებით გაათავისუფლეს. რ. ლ. ითვლებოდა ქურდული ტრადიციების მკაცრ მიმდევრად და ე.წ. თბილისური ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად. 6-ჯერაა ნასამართლევი, ციხეში გატარებული აქვს 15 წელზე მეტი.
კ. ო.
სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო „კანონიერი ქურდი“ კ. ო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენის საფუძველზე, „კანონიერი ქურდი“ სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდა.
თ. გ.
ზუგდიდის სასამართლოდან გაათავისუფლეს „კანონიერი ქურდი“ თ. გ. მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო, მიუხედავად იმისა, რომ „კანონიერი ქურდობა“ სასამართლო დარბაზშივე აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას „კანონიერი ქურდობა“ არ უარყო. მოსამართლე შოთა ბიჭიამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, იგი უდანაშაულოდ ცნო.
ძალიან საინტერესოა, სააპელაციო სასამართლოს (მოსამართლე მარინა ხოლოაშვილი) 2017 წლის განაჩენი, ბ.ფ.–ს საქმეზე, სადაც პროკურატურა ითხოვდა, პირი, ბ.ფ. ეცნო სასამართლოს კანონიერ ქურდად და დაესაჯა. მოსამართლე განაჩენში, წერდა:
„ე.წ. კანონიერი ქურდის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს. იმისათვის, რომ პირი პასუხისგებაში მიეცეს კანონიერი ქურდობისთვის, უნდა დადასტურდეს, რომ იგი მოქმედებდა (მართავდა პირებს ან ორგანიზებას უწევდა მათ) სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი საზოგადოებაში კანონიერი ქურდის სახელითაა ცნობილი, არაა საკმარისი.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 2231 -ე მუხლის მე-2 ნაწილი დასჯადად აცხადებს კანონიერ ქურდობას და არ აზუსტებს, თუ რა შეიძლება ამაში იგულისხმებოდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოცემული მუხლი დასჯადად აცხადებს კანონიერი ქურდის სტატუსის ქონას კონკრეტული ქმედების ჩადენის გარეშე.
დანაშაულის ცნება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლში, რომლის მიხედვითაც, დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. ამდენად, დანაშაულის შემადგენლობაში, რაც არ უნდა ზოგადი ფორმულირება ჰქონდეს მას, იგულისხმება კონკრეტული ქმედება, ვინაიდან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენები, შეხედულებები, მისწრაფებები და ა.შ. კანონიერი ქურდობაც გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას და მის გარეშე ის დანაშაულის შემადგენლობას ვერ შექმნის.
ასეთ პირობებში მოწმეების არაინფორმატიული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მხოლოდ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსის ქონა არ წარმოადგენს დასჯად ქმედებას. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია, რომ ის მართავდეს ან/და ორგანიზებას უწევდეს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს და ამ მხრივ ახორციელებდეს აქტიურ ქმედებებს, რაც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ''; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.“
თუმცა, მოგვიანებით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, კანონი გაამკაცრა და კანონში, გაჩნდა ჩანაწერი, რომ დასჯადია, „მიუხედავად იმისა, „კანონიერმა ქურდმა“ განახორციელა, თუ არა ქმედება.“
ცხადია, ისმის კითხვა, მაშ, რა არის დასჯადი? ქმედება, რომელიც ქმედება არ არის? სად გაქრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი, რომლის მიხედვითაც, დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება? – როგორ შეიძლება მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება იყოს ის, რაც ქმედება არ არის? თუ არ გვაქვს სახეზე ქმედება, როგორ იქნება ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება? აბა, რა არის დასჯადი, იდეოლოგია? – საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო. აგრეთვე, მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. და თუ არ არის ქმედება, მაშინ, როგორ მტკიცდება დანაშაული? რა მტკიცებულებები შეიძლება არსებობდეს იმის დასადგენად, რაც პირს არ ჩაუდენია? – გაქრა კონსტიტუციაში მე–40 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს?“ რის მიხედვით ისჯებიან პირები, რომლებსაც არ ჩაუდენიათ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ ჩაუდენიათ დანაშაული? მხოლოდ იმისთვის, რომ კანონიერ ქურდს ეძახიან? ვარაუდის, ეჭვის, მარჩიელობის გამო? – მაგრამ, საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“. როგორ, იმ ერთმა ჩანაწერმა, ყველა ეს კანონი და კონსტიტუციის ყველა მუხლი გადაფარა და გააქრო? თუ რამდენიმე წლის წინ უკანონო იყო ქმედების გარეშე ადამიანის ციხეში გამოკეტვა, ამ ერთი ჩანაწერით კანონიერი კახდა?
ის, რომ კანონის ეს მუხლი უკანონოა, ყველა იურისტი, ყველა მოსამართლე მარტივად მიხვდება, ყველამ, ვინც იცნობს საერთაშორისო კონვენციებს, საქართველოს კონსტიტუციას, სისხლის სამართლის კოდექსს – იცის, რომ ეს მუხლი უკანონოა. შეუძლებელია, მაგალითად, ის მოსამართლე, რომელიც ასე კარგად განმარტავს, რომ ქმედების არარსებობის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ბრალდებულმა თავის თავს თავად უწოდა „კანონიერი ქურდი“ სახელმწიფოს არ აქვს მისი დასჯის უფლება, ვერ გრძნობდეს ახლა იმ აბსურდულობას კანონში, რომლის მიხედვითაც, ამდენ ადამიანს უშვებენ მოსამართლეები ციხეში.
2020 წელს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, , აცხადებდა:
„თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში, ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად — ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ქვეყნიდან გაძევება… ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს და ვამბობთ, რომ ოჯახის ყველა წევრი რაღაცაშია გარეული.
ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ეს. ადამიანი უნდა დაისაჯოს თავისი ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა. მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არცერთ „კანონიერ ქურდს“ არ ვიცნობ პირადად. მე არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ ვებრძოლო უსამართლობას, რომელიც თუნდაც ფურცელზე წერია“, – სამწუხაროდ, მართლაც ასეა, მხოლოდ კონკრეტული პირები კი არა, სახელმწიფომ მათი ოჯახებიც გამოაცხადა დამნაშავეებად, ისე, რომ დანაშაულებრივი ქმედებები არ დაუდგენია.
სახელმწიფო უფრო შორს წავიდა და იმ პირებს, ვინც გამოაცხადა „კანონიერ ქურდებად“, ისე, რომ არ არის დადასტურებული, რომ მათ ჩაიდინეს რაიმე სახის დანაშაული, ისე, რომ ზოგი არც კია ნასამართლევი, ქვეყნიდან აძევებს, ან ქვეყანაში შემოსვლისთანავე აკავებს და იძულებს ხდის, დატოვოს ქვეყანა. ამ შემთხვევაში, სრულიად გაურკვეველია, რომელი კანონის საფუძველზე არ უშვებენ ქვეყანაში ადამიანებს. დავუშვათ, ჩაიდინა დანაშაული შენმა მოქალაქემ და ქვეყნიდან აძევებ? არ აკავებ და არ სჯი? არ ჩაიდინა დანაშაული, ვერ უმტკიცებ დანაშაულს და აგდებ ქვეყნიდან? კონსტიტუციას ამ ქვეყანაში ძალა აღარ აქვს? მესმის, რომ კანონიერი ქურდის ტერმინის ანალოგი არ არსებობს მსოფლიო პრაქტიკაში, მაგრამ შენ მოქალაქეს დაუმტკიცო დანაშაული და არ დააკავო, უბრალოდ გააგდო ქვეყნიდან, ან ვერ დაუმტკიცო დანაშაული და გააგდო ქვეყნიდან – სრული ნონსესია. თუ საზოგადოებისთვის საშიშია, მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვისაა საშიში? სხვა ქვეყნებში არ არის საზოგადოება?
გაუგებარია, რის მიხედვით შეადგინა სახელმწიფომ სია ე.წ. კანონიერი ქურდების? ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან გასამართლებულნი, არანაირი მტკიცებულება მათ დანაშაულზე არ არსებობს, რის მიხედვით შეადგინეს ეს სია? – ეჭვის? ვარაუდის? ვინმეს მონათხრობის? სარჩელს სარჩელზე აგზავნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლოში, ხან ვისთვის ითხოვს მოქალაქეობის ჩამორთმევას და ხან ვისთვის. თავდაპირველად, იგი ითხოვდა იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, ვისზედაც სასამართლოდ განაჩენი არსებობდა საქმეში, რომლის მიხედითაც მათ კანონიერ ქურდებს უწოდებდნენ, და ზემოთ უკვე კი მოგახსენეთ, რის მიხედვით ხდება ბოლო წლების მანძილზე ამ მუხლით ბრალის წარდგენა, მოგვიანებით, „ეტყობა“ ეს სია ამოეწურა, და ახლა სხვადასხვა მიზეზით ითხოვს ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, მათ შორის, სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ ეს ადამიანები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა, უტყუარი მტკიცებულებებით, ვერ ახერხებს იმის დამტკიცებას, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავის ბრალდებას აუცილებლად აყოლებს განმარტებს, რომ პირი კანონიერი ქურდია, ცხადია, არაფერია ნათქვამი დანაშაულის ჩადენაზე, დამტკიცებულ ქმედებაზე, ასე, თითქოს უბრალოდ, ამბობს ხოლმე და ვერც იმას ხსნის, თუ მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვს იმ მიზეზით, რომ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, რა შუაშია „კანონიერი ქურდობა“? ან, საიდან აქვს მას ინფორმაცია? თუ პირი არც ნასამართლევია, არც მის დანაშაულებრივ ქმედებაზეა რაიმე სახის მტკიცებულება, საიდან იცის, რომ „კანონიერი ქურდია“?
საქმე იქამდე მივიდა, რომ 2020 წელს, კანონიერმა ქურდებმა უჩივლეს პრეზიდენტს მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო და ი. ს.–ს ადვოკატი, თამარ აბესაძე, მაშინ აცხადებდა:
“პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ პირებს უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, თან ისე, რომ არც გადამოწმებულა, ჰქონდათ თუ არა მათ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
დღეს ისინი არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან. ეს ხალხი ჰაერში გამოკიდეს. როცა მოქალაქეობის წართმევას აპირებ, დეტალურად უნდა მოიძიო ინფორმაცია და ახსნა, რატომ ართმევ ადამიანს მოქალაქეობას. ამის საფუძველი შეიძლება ის გახდეს, თუ მან რომელიმე ქვეყანას მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართა. მოსარჩელეები თვლიან, რომ პრეზიდენტს დამოუკიდებლად არ მიუღია გადაწყვეტილება და ეს სამართალდამცავი ორგანოების სქემაა, რათა ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ და ქვეყანაში შემოსვლა ვეღარ მოახერხონ. მოითხოვენ, პრეზიდენტმა გააუქმოს უკანონო ბრძანებულება, რომელმაც მათ უფლება აჰყარა და რის საფუძველზეც არც ერთ ქვეყანაში არ დაედგომებათ.“
კი, ბევრი თვლის დღესაც, რომ ეს ყველაფერი ერთად – 2018 წელს კანონში შესული ცვლილება, შემდგომ, მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, გამამართლებელი განაჩენების შეწყვეტა, ადამიანების დასჯა და ციხეში გამოკეტვა დანაშაულებრივი ქმედების გარეშე, მხოლოდ სიტყვების, ვარაუდების, იდეოლოგიის გამო, ქვეყნიდან მათი გაძევება, ქვეყანაში მათი არ შემოშვება, მაშინაც კი, თუ მოქალაქეობა არ აქვთ შეწყვეტილი, ერთიანი სქემაა და ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია. თუ ქმედების ჩადენის გარეშე, მხოლოდ იდეოლოგიისთვის შეიძლება პირის ციხეში გამოკეტვა, სად არის იმის გარანტია, რომ ხვალ, რომელიმე სხვა იდეოლოგია არ გამოცხადდება დანაშაულად?
სიმართლე გითხრათ, მაგ იდეოლოგიასაც ვერ ამტკიცებენ, როგორ უნდა დაამტკიცო ქმედების გარეშე? ფიქრები როგორ უნდა დაამტკიცო? სიტყვები ვინ რა აზრით თქვა, როგორ უნდა დაამტკიცო? მაგალითად, ახლა თქვენ რომ თქვათ, რომ ადვოკატი ხართ, მე რომ გითხრათ, კი, თქვენ ნამდვილად ადვოკატი ხართ – თქვენ მოგცემენ ადვოკატად მუშაობის უფლებას? ჩემი, თქვენი და კიდევ, თუნდაც 10 ადამიანის სიტყვა, საკმარისი იქნება, რომ ადვოკატად, ან ექიმად გამუშაონ? – ასეთ აბსურდამდე მივყავართ, სამწუხაროდ კანონს. ზემოთ მოყვანილია თ. გ.–ს საქმე, რომელმაც სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მისი იდეოლოგია „კანონიერი ქურდობაა“, თუმცა, ის მაინც გაათავისუფლა სასამართლომ, რადგან, მაშინ, ჯერ კიდევ იძლეოდა კანონი ამის საშუალებას, მაშინ, ჯერ კიდევ არ უშვებდნენ ციხეში ადამიანებს მხოლოდ იდეოლოგიის გამო, მაშინ კანონი გეუბნებოდა, რომ სასჯელი – დანაშაულის ტოლი უნდა იყოს და თუ არ არის დანაშაული, ვერ იქნება სასჯელი. არ არის დანაშაული და გვაქვს მხოლოდ სასჯელი და გვეუბნებიან, ეს კანონით გათვალისწინებულიო, მერე რა, რომ ეს კანონი მოდის წინააღმდეგობაში, კონსტიტუციასთან, კანონის სხვა არაერთ მუხლთან?
მართალია, აშლარბას საქმეს ახსენებენ ხშირად, მაგრამ იგი განსხვავებული საქმე, ის საქმეეები კი, რაც ამჯერად განიხილება სასამართლოებში, ის საქმეები, რომლებზეც მოსამართლებმა არაერთი ადამიანი გაუშვეს ციხეში ნამდვილად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთ პრინციპს და მათ შორის: „არავითარი სასჯელი კანონის გარეშე“
საქართველო და მისი დღევანდელი მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას პროევროპული კურსი აქვს, ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, და ამ დროს ქვეყანაში, ადამიანის უფლებები ისე ირღვევა, არ აქვთ თავის მართლების საშუალებაც კი, როგორ შეიძლება იმართლო თავი იმაში, რაც არ ჩაგიდენია და კიდევ მეტად, როგორ შეიძლება თავი იმართლო იმაში, რის ჩადენასაც საერთოდაც არც კი გედავებიან? ადამიანებს, რომლებსაც ვერ უმტკიცებენ დანაშაულს – აძევებენ ქვეყნიდან, ართმევენ მოქალაქეობას. ცხადია, ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, უნდა დაისაჯონ, ადეკვატურად უნდა დაისაჯონ, მას შემდეგ, რაც მიიღებენ სამართლიან სასამართლოს და ამაზე არც ვდაობ, საუბარია, დანაშაულის გარეშე, ადამიანების, მათი ოჯახების დასჯაზე. აუცილებლად მივმართავ ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული მუხლის გაუქმებაზე, რადგან, თუ ჩვენ ახლა შევურიგდებით იმ პრეცენდენტს, რომ ადამიანები, რომლებსაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, დასჯილნი არიან იდეოლოგიის გამო, გაძევებულნი არიან ქვეყნიდან, ჩამორთმეული აქვთ მოქალაქეობა, არავინ იცის, ვინ ვიქნებით შემდეგი, ვისი იდეოლოგია იქნება მიუღებელი ხელისუფლებისთვის, გინდ ამ და გინდ მომავალი ხელისუფლებისთვის. გარდა ამისა, აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოსაც, და ამჯერად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარვუდგენ საქმეებს, სადაც პირს, რომელსაც არ აქვს ჩადენილი არაც ერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც კი ედავებიან, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ართმევენ მოქალაქეობას, აგდებენ ქვეყნიდან, უსჯიან სასჯელს და მერწმუნეთ, დადებით შედეგს აუცილებლად მივაღწევ.

ასევე დაგაინტერესებთ