სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდი უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ იყო ნაშენები – ექსპერტიზა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე დაზიანებული ხიდის ექსპერტიზის შედეგების შესახებ. უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ ხიდი პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ იყო აშენებული. ექსპერტიზა ხიდს, რომლის ნაწილიც 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაუტარა.
“ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში”, – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექსპერტიზის დასკვნა გახდება ერთ-ერთი მტკიცებულება იმ გამოძიებისთვის, რომელიც ხიდის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი ხიდის აღსადგენად ტენდერის გამოცხადებას “უმოკლეს ვადებში” გეგმავს.
სამტრედია-გრიგოლეთის 51-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით. ამ გზის მთლიანი პროექტის ბიუჯეტი 2013 წელს 237 მილიონი ლარი იყო, პროექტის შესრულების ვადად კი სამი წელი განისაზღვრა. მოგვიანებით რამდენჯერმე შეიცვალა როგორც პროექტის ბიუჯეტი, ასევე დასრულების თარიღი. საბოლოოდ, 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის მთლიანი მონაკვეთისთვის ჯამში 902 მლნ ლარია გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა 2024 წლამდე გადაიწია.
ოთხ მონაკვეთად დაყოფილი მაგისტრალის ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე, 12 კმ-იან მონაკვეთზე, გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ-ის მშენებლობა.