სამინისტრო აცხადებს, რომ რესპუბლიკურის 250-მდე თანამშრომელთან უკვე მიაღწია შეთანხმებას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო და კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
სულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 650-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული.
რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, ტელევიზიით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ისინი არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და უკვე ორი კვირაა, პერმანენტულად ატარებენ საპროტესტო აქციებს.
30 იანვარს რესპუბლიკურის თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნით. მეორე დღეს, 31 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის რეორგანიზაცია 1 თვით გადადო.
შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტებიდან ერთ-ერთის არჩევა და სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასვლა კლინიკის პერსონალს 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე შეეძლება. თუ ამას არ გააკეთებენ, 5-დან 15 მარტის ჩათვლით დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდებიან სამსახურიდან. სამინისტროში ამბობენ, რომ ვადა “კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით” მიიღეს. თავად რესპუბლიკურის ექიმები ფიქრობენ, რომ დამატებით 1 თვე სამინისტროს კლინიკის თანამშრომელთა “გადასაბირებლად” სჭირდება, რათა რეორგანიზაციამ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიაროს.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გრძელდება კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის.
“მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით. ჯანდაცვის სამინისტრომ 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოვა მოლაპარაკებები, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებები აქვთ”, – აცხადებენ უწყებაში.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
· ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
· თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
· სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
· სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.
ამ თემაზე ვრცლად გირჩევთ:
რატომ ანგრევენ რესპუბლიკურს? — დოკუმენტები, რომელსაც საბაბად იყენებს ხელისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით – აქ გადამწყვეტია, არა როდის დაიწყება რაღაც პროცესი, არამედ როდის დასრულდება