საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო წლის ბოლოდან შემცირდება

თბილისის მასშტაბით 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უკვე დაიწყო გადაადგილება. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე 50 ერთეულია ჩამოყვანილი, რომელთა გადანაწილება სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად მოხდება.
„წლის ბოლომდე ეტაპობრივად კიდევ 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ჩამოყვანა იგეგმება, რომელიც წლის ბოლოდან მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას.
რაც შეეხება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროს, გადაადგილების ინტერვალის გაუმჯობესებას შევძლებთ მაშინ, როდესაც სრული რაოდენობით მოვახერხებთ 160 ერთეული ავტობუსის მართვას. როგორც ვთქვი, ეს მოხდება წლის ბოლოდან.
ცხადია, ტევადობის თვალსაზრისით ახლაც გვექნება სახეზე გაუმჯობესდება. სამწუხაროდ, ზოგჯერ გაჩერებებზე ე.წ. პიკის საათებში ავტობუსები ვერ აუდიოდნენ იმ ნაკადების გადაადგილებას, რომელიც თავს იყრიდა. სწორედ ამიტომ დაიგეგმა 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა და ცხადია, ამ კუთხით მომსახურება გაუმჯობესდება,“- განაცხადა ბენდელიანმა.