საგამოძიებო მოქმედებები სასროლეთში მომხდარზე გვიანობამდე გაგრძელდა – შსს რამდენიმე ვერსიას განიხილავს

ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ისინი მომხდარი აფეთქების მიზეზის დადგენას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქების ერთდროულად რამდენიმე ვერსიას განიხილავს, თუმცა ძიება ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აფეთქების ხმა ავლაბარში გუშინ დღის 12:00 საათისთვის გაისმა, რასაც ძლიერი დაკვამლიანება მოჰყვა. ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ ერთი მამაკაცი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.