“საბურთალო” აჭარაზე გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” აჭარაზე გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის. როგორც მათ განცხადებაშია საუბარი, საქართველოს თასის ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განცხადება მოჰყვა, რის გამოც განმარტების გაკეთების საჭიროებას ხედავენ. ამბობენ, რომ ვიდეოს ერთადერთი მიზანი გულშემატკივრის წახალისება იყო და ის მხოლოდ სპორტულ ინტერესს ემსახურებოდა.
„ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა. საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და დინამო ბათუმს შორის საქმიანი თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი პაექრობა მხოლოდ მოედანზეა და შეჯიბრის პრინციპიც მხოლოდ სპორტულია. ვადასტურებთ პატივისცემას ჩვენი მეტოქისა და მათ გულშემატკივრის მიმართ, ჩვენს გულშემატკივარს კი ველოდებით თასის ფინალში, ერთად შევქმნათ საფეხბურთო ზეიმი მიხეილ მესხის სტადიონზე,“ – წერია “საბურთალოს” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმეორებდნენ ტექსტს: „აჭარა აჭარლებს, თასი რჩება თბილისში“.