“რუსთავი2″–ის ეთერში სამჯერ გავიდა ძალადობის ამსახველი სცენების შემცველი სერიალი” – ComCom

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, უწყებამ„რუსთავი 2“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოსული განცხადების თანახმად, 2024 წლის 21, 22 და 27 იანვარს, საღამოს 20:00-21:00 საათებში, ტელევიზიის ეთერში გავიდა ძალადობის ამსახველი სცენების შემცველი სერიალი, სადაც ახლო კადრით ნაჩვენები იყო ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა და მკვლელობის ეპიზოდები.
აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ComCom-მა მაუწყებლის ეთერის მონიტორინგი განახორციელა, რის შედეგადაც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა გამოიკვეთა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ტელევიზიებს აკისრებს ვალდებულებას დაიცვან არასრულწლოვნების ინტერესები და 18 წლამდე ასაკისთვის შეუფერებელი პროგრამა 06:00 საათიდან 00:00 საათამდე დროის მონაკვეთში სამაუწყებლო ბადეში არ განათავსონ, ვინაიდან, აღნიშნულმა პროგრამებმა შესაძლოა ზიანი მიაყენონ მოზარდის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამასთან, ტელევიზია ვალდებულია დაიცვას ასაკობრივი ნიშანდების წესები, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
მიუხედავად იმისა, რომ უწყების ცნობითვე, მხოლოდ 2024 წელს და მხოლოდ ერთ თვეში, იანვარში, ტელეკომპანიამ სამჯერ დაარღვია კანონი, კომუნიკაციების სააგენტოს წერს, რომ თურმე, „რუსთავი 2“-ის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა და ამიტომ ComCom-მა მაუწყებელი მხოლოდ წერილობით გააფრთხილა.