“რუსეთის აგრესია თავისით არ გაჩერდება. ის ერთად უნდა შევაჩეროთ”, – ლატვიის პარლამენტის სპიკერი

კიბოზე უარესია, მისი საცეცები ყველგანაა“, – ამბობს ლატვიის პარლამენტის სპიკერი. დაიგა მიერინა ამერიკაში ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები დასავლელ კოლეგებს უხსნიან, რომ დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, და თუკი ში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს პირდაპირი სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დააყენებს. სპიკერი მირინა ამბობს, რომ კონგრესში, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო შეფერხებული დაახმარების აუცილებლობა ორივე პარტიაში კარგად ესმით.
ქალბატონო სპიკერო, ვაშინგტონს თქვენს ესტონელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ეწვიეთ და ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდით. რა პრობლემები განიხილეთ მათთან და რის მოსმენა გსურდათ პასუხად?
ჩვენ აქ, ვაშინგტონში უკრაინის მხარდაჭერის განსახილველად ვართ. ს დახმარება მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი საკითხია ახლა. მაგრამ, თუ მშვიდობის მიღწევა გვსურს, ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველანაირი, განსაკუთრებით კი – სამხედრო დახმარება. უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღე, როცა ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაგვიანებთ, ბრძოლის ველზე ადამიანები იღუპებიან.
უკრაინა იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მშვიდობიანი ცხოვრება, ჩვენი შვილები დადიოდნენ სკოლებში და სწავლობდნენ; რომ ჩვენ ვაკეთებდეთ ჩვენს საქმეს. უკრაინა იხდის იმის ფასს, რომ ჩვენ ყველანი ამ შესაძლებლობებით დავტკბეთ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაგვეცა ჩვენი პირადი გამოცდილება, გაგვეზიარებინა ჩვენი ისტორიით ნასწავლი გაკვეთილები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოშიც ყველა ადამიანამდე მივიდეს: რუსეთის აგრესია თავისით არ შეჩერდება, ის თავისით არ დამთავრდება. თუკი ჩვენ მას ახლა არ შევაჩერებთ, [მომავალში] უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს.
ამ დღეებში მოვისმინეთ შეფასება, რომ რუსეთს კიბოს ადარებენ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კიბოზე უარესია. რუსეთის საცეცები მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული და ძალიან ბევრ ადგილს სწვდება. რუსეთის მოქალაქეები ყველგან არიან და ავრცელებენ ქაოსს, არეულობას, ცდილობენ დემოკრატიებს დაესხან თავს.
ამ დღეეებში სენატორებთან, კონგრესმენებთან, პალატის სპიკერთან საუბრისას ჩვენ განვიხილეთ ის ძალიან პრაქტიკული, ქმედითი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია. ეს მოიცავს შესაძლო ახალ სანქციებს იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ომის დანაშაულებზე. ასევე, რუსული აქტივების კონფისკაციას და მათი უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას. გვინდოდა ხაზი გაგვესვა, რომ ევროკავშირი უდიდეს ინვესტიციებს დებს უკრაინის სამხედრო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. ევროკავშირის მთლიანი დახმარება უკვე აღემატება ამერიკის მიერ გაწეულ დახმარებას.
უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცება ამერიკაში შიდა პოლიტიკურ დებატებს დაუკავშირდა და საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების გარეშე მის დამტკიცებას რესპუბლიკელთა ნაწილი არ თანხმდება. გავრცელდა ცნობები, რომ თქვენთან შეხვედრისას პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა, დაუშვა ის ვარიანტი, რომ თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული პაკეტი შეიძლება გაიყოს, და უკრაინის დახმარებასა და სასაზღვრო პოლიტიკას ცალ-ცალკე ეყაროს კენჭი. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ცნობებზე, რა გითხრათ სპიკერმა, რა მთავარი გზავნილებით დასრულდა თქვენი შეხვედრა?
განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, კონგრესში არსებობს ცალსახა, საერთო აღქმა იმისა, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ და ეს ერთობლივად უნდა გავაკეთოთ.
ეს საკითხი ნამდვილად განვიხილეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ქვეყანას თავისი შიდა პოლიტიკური საკითხები აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დღის წესრიგში წამყვანი ადგილი უკავია. დიახ, მოვისმინეთ, რომ არის [საკითხის] გადაწყვეტის განსხვავებული შესაძლებლობები, მაგრამ არ განგვიხილავს, რა უნდა იყოს კონკრეტული გამოსავალი. ჩემი აზრით, ეს თქვენი, [ამერიკელი] პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, როგორ იპოვონ საუკეთესო გზა თქვენი ქვეყნისთვის.
ვესაუბრეთ სენატორებს, კონგრესმენებს, მოვისმინეთ ბევრი განსხვავებული შეხედულება და წინ წასვლის სხვადასხვა ვარიანტი. მაგრამ ამ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, არსებობს ცალსახა საერთო აღქმა, გაგება იმისა, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ და ეს ერთობლივად უნდა გავაკეთოთ.
ბალტიისპირეთის ქვეყნები აპირებენ თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 3 %-მდე გაზრდას. ლატვია ამ ნიშნულის მიღწევას 2027 წლისთვის გეგმავს. ამასთან უკრაინის დახმარებაც არაპროპორციულად დიდია. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებში მშპ-ის 1 %-ს აჭარბებს.
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკებზე დასავლელ პარტნიორებს წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ. ახლაც იმეორებთ, რომ ეს აგრესია თავისით არ შეწყდება. მაშინ, როცა ბევრი ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს, ბალტიელი ლიდერები არასდროს ერიდებიან იმის თქმას, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. თქვენ იმასაც ამბობდით, რომ უკრაინის სწრაფი გამარჯვება ლატვიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი უმთავრესია. რატომაა ეს ასე? რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება ან მარცხი ამ ომში უშუალოდ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი მეზობელი ბალტიელებისთვის?