“რობოტი ადამიანს ვერასდროს ჩაანაცვლებს” – Lemons Group-ის დამფუძნებელი

Lemons Group-ის დამფუძნებელი, ირინე მელიმონაძე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა შრომით ბაზარს დაალაგებს. როგორც ის BMG-სთან აცხადებს, მომავალში დასაქმებულებს არა რობოტები, არამედ ის ადამიანები ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეეძლებათ.
“ადამიანურ ინტელექტს, ადამიანურ ემოციას ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. უბრალოდ ჩვენს შრომას და გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის კადრებს დააფასებს. შრომით ბაზარზე განუკითხაობა ხდებოდა. კადრების დეფიციტის გამო გამოცდილი და გამოუცდელი კადრი ერთ დონეზე იდგა. ახლა უკვე დაფასდება ის, რასაც ადამიანური ინტელექტი ჰქვია. სწორად თუ გინდათ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, მაღალი ინტელექტი უნდა გქონდეთ”, – აღნიშნავს ირინე მელიმონაძე.
როგორც ის ამბობს, გამოწვევების წინაშე არაერთი პროფესიის ადამიანი დგას, მათ შორის, მარკეტერები და PR-სპეციალისტები.
“მარკეტერებს, პიარ სპეციალისტებს დიდი გამოწვევა გველის, სწორად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი. ვერასდროს ჩაგვანაცვლებს რობოტი, იქიდან გამომდინარე, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმი თუნდაც ChatGPT-სთან, ადამიანურ ინტელექტს მოითხოვს და ის იმაზე ინტელექტუალური პროცესია, ვიდრე აქამდე იყო. ვერცერთი კომპანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვერ დაწერს სტრატეგიას თუ მას ამ პროფესიის ადამიანი არ ეყოლება” , – აცხადებს ის.
ხელოვნური ინტელექტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი თემა იყო წელს. ღონისძიებაზე ითქვა, რომ AI მომავალ წლებში შრომით ბაზარზე დასაქმებულებს ჩაანაცვლებს. AI-ს პოტენციალზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კვლევითი ანგარიში მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამუშაოების 40%-ში ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს.