რთველის წინ დაფუძნებული კომპანია მევენახეებს ყურძნის საფასურს არ უხდის

კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან 50-მდე მევენახე ფერმერმა სოფელ წინანდალში იმ შენობის წინ გამართა აქცია, რომელიც შპს „ართეგს“ ჰქონდა დაქირავებული და მევენახეებისგან ყურძენი ჩაიბარა. აქციის მონაწილეები კომპანიისგან ჩაბარებული ყურძნის საფასურის ანაზღაურებას მოითხოვენ.
აქციაზე მისულები ამბობდნენ, რომ აგვისტოსა და სექტემბერში კომპანიას საფერავის ჯიშის ყურძენი ჩააბარეს. თანხა ჩაბარებიდან მაქსიმუმ 20 დღეში უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიის წარმომადგენელს ვისთანაც მანამდე კომუნიკაცია ჰქონდათ, პირველი ოქტომბრის შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, ადგილზე კი არცერთი პასუხისმგებელი პირი არ იმყოფება.
შპს „ართეგის“ მეპატრონესთან, გიორგი სალიასთან დაკავშირება რადიო თავისუფლებამაც სცადა, თუმცა მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
შპს „ართეგის“ შესახებ ღია წყაროებში მწირი ინფორმაცია იძებნება. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ართეგი“ 2023 წლის 12 სექტემბერს რთველის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაარეგისტრია გიორგი სალიამ. ის არის კომპანიის 100 პროცენტიანი წლის მფლობელი და დირექტორი.
საპროტესტო აქციაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურიდან იყო მისული ალექსანდრე აბესაძე. სექტემბრის ბოლოს კომპანიას 90 ტონა საფერავი ჩააბარა. ქარხნისგან 130 000 ლარი აქვს მისაღები.
“ჩემს მთელი წლის ნაშრომს ვითხოვ, 90 ტონა ჩავაბარე და ფული ყველაზე გვიან უნდა მოეცათ 26 ოქტომბერს, თუმცა ამ დრომდე ველოდები. ბანკის ვალები მაქვს, ყოველ დღე მირეკავენ და მეუბნებიან, რომ დავალიანებაა დასაფარი. ბანკიდან ფული რომ ავიღე მიწის ნაკვეთები ჩავდე. იმ პარლამენტში რომ სხედან და ერთმანეთში ჩხუბობენ, ჯობია ჩხუბის ნაცვლად ჩვენ მოგვხედონ. ვინმე გვეტყვის ჩვენ რა გავაკეთოთ, მომავალ წელს აღარ მოვიყვანოთ ყურძენი თუ რას გვეუბნებიან? გვინდა მთავრობამ გაიგოს ჩვენი ხმა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ…“ – უთხრა რადიო თავისუფლებას მევენახე ალექსანდრე აბესაძემ.
აქციაზე მისული მევენახეების თქმით, შპს „ართეგს“ საერთო ჯამში 370 მევენახისთვის 1700 ტონა ყურძნის საფასური აქვს გადასახდელი, რაც მათი დათვლით 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია. დაზარალებულთა შორის არის გიორგი ლოლაძე სოფელ დიდი ჩაილურიდან. კომპანიას 14 ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩააბარა. მისაღები აქვს დაახლოებით 20 ათასი ლარი. მევენხე ამბობს, რომ თუ კომპანიამ დავალიანება დროულად არ გადაიხადა, ბანკის ვალს ვერ გადაიხდის და შესაძლოა ქონებაც დაკარგოს. ფერმერის თქმით, თუ საკითხის მოგვარებაში სახელმწიფო სტრუქტურები არ ჩაერთვებიან, მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება.
“გამოდის, რომ კომპანია ვისაც ყურძენი ჩავაბარეთ, არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს ფულის გადახდაზე. ბანკის ვალები გვაქვს და ჩვენც გვაწუხებენ, დროზე გადაიხადეთო. რა გავაკეთოთ ვინმე გვეტყვის? რთველს ხომ სახელმწიფო ატარებს ხოლმე და ახლაც აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე და მოგვხედონ, ან კრედიტი მისცენ კომპანიას ან სხვა რამე მოიფიქრონ. მე მგონია რომ თუ გუბერნატორი და პრემიერ მინისტრი არ ჩაერია ამ ამბავში, არაფერი გამოვა. თუ ფული არ მქონდა, როგორ მოვიყვანო მომავალ წელს მოსავალი… ჩვენც ჩავიძირებით ალბათ”
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში შეკრებილი მევენახეები ითხოვდნენ, რომ ადგილზე მისულიყო კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელი, თუმცა გაარკვიეს, რომ რწმუნებული შვებულებაში იყო და მათ ვერ შეხვდებოდა. ამის შედეგ ფერმერებმა თელავში მერიის შენობასთან გადაინაცვლეს. აქ არის განთავსებული სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაც. თავდაპირველად დაცვის თანამშრომლები მათ რწმუნებულის ადმინისტრაციაში არ უშვებდნენ.
მოგვიანებით, დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი. მან საკუთარ კაბინეტში 10-მდე მევენახე მიიღო, შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა პრობლემის შესახებ იციან და მის მოგვარებაზე მუშაობენ.
„არაკეთილსინდისიერი მყიდველის გამო ეს ხალხი დაზარალდა და ერთი თვის წინ მისაღები თანხა დღემდე არ აუღიათ. ეს, რა თქმა უნდა, არის პირადი დავა შემსყიდველსა და მევენახეს შორის, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურები ჩართულია ამ საკითხის გადაწყვეტაში. არის ერთი გზა, რომ სხვა მყიდველი გამოჩნდეს, რომელიც შეისყიდის ამ ღვინოს და ღირებულებას აუნაზღაურებს მოსახლეობას. არის კიდე მეორე ფორმა: შეიძლება კრედიტი გამოეყოს ღვინის ქარხანას… ჩვენ მევენახეებს ვპირდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოვუგვაროთ ეს პრობლემა“ – თქვა რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველმა.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მევენახეებს პრობლემის შესახებ ერთობლივი განცხადება დააწერინეს. როგორც მევენახეებმა განაცხადე წერილზე პასუხი პარასკევს უნდა მიიღონ. დაზარალებული ფერმერები ამბობენ, რომ თუ მათი პრობლემა მოკლე დროში ვერ მოგვარება, საპროტესტო აქციას თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართავენ.
შპს “ართეგმა” ყურძენი რთველის პერიოდში წინანდლის ღვინის ქარხანაში ჩაიბარა, რომელიც მას დაქირავებული ჰქონდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, “ართეგს” ქირის საფასური არ გადაუხდია არც წინანდლის ქარხნისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ, თაობები გაიზარდა „სკაიპით“ – ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ