პროკურორი – აითაჯ შახმაროვას დედამ შვილის გარდაცვალება მისი სკოლის დირექტორს არ დაუდასტურა – ბრალდებულებს პოლიციაშიც არ დაურეკავთ აითაჯის მოტაცებასთან დაკავშირებით

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის ეგანა მაგარამოვასა და ბიძის ნატიკ მაგარამოვის საქმის პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, დედამ სკოლის დირექტორს, როცა აითაჯის გარდაცვალება დადასტურდა, არც ეს დაუდასტურა.
პროკურორის განმარტებით, გამომძიებლის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა პოლიციას არ მიმართეს.
„სკოლის დირექტორმა არაერთხელ სცადა დედასთან კომუნიკაციის დამყარება, მათ შორის, 1-ელ, 5 და 6 ოქტომბერს. 6 ოქტომბერსაც დედა ეუბნებოდა, რომ ბავშვთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სწორი არ იყო და ის სკოლაში 2-3 დღეში დაბრუნდებოდა. 6 ოქტომბერს, როცა ნამდვილად დადასტურდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ესეც კი არ დაუდასტურა. ასევე, გამომძიებლისგან გავიგეთ, რომ ბრალდებულებს პოლიციაში არ დაურეკავთ, არ მიუმართავთ არც ზეპირი და არც წერილობითი განცხადებით აითაჯის მოტაცებასთან დაკავშირებით. მკვლელობაში ბრალდებული პირების მშობლებისგან გავიგეთ, როცა გათენდა, აითაჯის დედა წავიდა სახლში, შვილი კი იმ სახლში დატოვა, საიდანაც გამოიქცა”,- განაცხადა გოგრიჭიანმა.
მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.
რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

ასევე დაგაინტერესებთ