პოლიტიკა და პოლიტიკური რეკლამები – იცის, თუ არა, მინისტრმა, სახელმწიფო პოლიტიკის განმარტება?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ განცხადება მეტაზე პოლიტიკური რეკლამების განთავსების შესახებ ინტერპრეტირებულად გავრცელდა და რომ პოლიტიკური რეკლამის მიზნით, მხოლოდ 736 დოლარი დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი თანხა კი, კერძოდ, 28,128 დოლარი, ქართული ენის პოპულარიზაციისა და შესწავლის შესაძლებლობების შესახებ ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანიის – „ქართული ენა გვაერთიანებს“ დანახარჯს შეადგენს.
მინისტრის აპარატმა, როგორც ჩანს არ იცის, რომ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაც სახელმწიფო პოლიტიკაა და საერთოდაც, ყველა თეთრი, რომელსაც სამინისტრო დახარჯავს რეკლამაში, პოლიტიკას ეხება. ცალკე საქმეა, რამდენად შედეგიანად დახარჯა სამინისტრომ თანხა, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც მოინდომეს ახალგაზრდებმა ქართული ენის შესწავლა, რამდენად გამართულია სისტემა და ა.შ.
სამინისტრო წერს, რომ კამპანია “ქართული ენა გვაერთიანებს” სამ ენაზე (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული) წარიმართა და მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლებას. თუმცა, არ წერს, რა შესაძლებლობები აქვს სახელმწიფოს ამ ახალგაზრდებისათვის შექმნილი.
სამინისტროს თქმით, რეკლამების ნაწილი გამოქვეყნებული იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე და სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ „მეტას“ ახალგაზრდა მომხმარებლები შესაბამისი ეთნიკური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან“.
სამინისტრო წერს, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ჩართულობით მიმდინარეობს და პოლიტიკის უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია, რომლის პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად“. სწორედ ამ უმთავრესი მიზნის მისაღწევად განხორციელდა კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს“.
შესაბამისად, სამინისტრო, რომელიც წერს, რომ რეკლამები არ იყო პოლიტიკის ნაწილი, ქვემოთ წერს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა განახორციელა, რაც ისედაც ცხადია და შესაბამისად, არანაირ ინტერპრეტაციას ადგილი არ ჰქონია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – რომელი გერჩივნათ: სტატუსი უკრაინასთან ერთად მიგვეღო და ცალ ფეხზე დამდგარიყავით, გადავჩეხილიყავით სადმე, თუ ის გირჩევნიათ, რომ ერთი წლის დაგვიანებით მივიღეთ და ამაყად და მყარად ვდგავართ? რომელი?