„პირველი არხი“ გორგილაძის გადაცემის დახურვას დაფინანსების წესის ცვლილებით ხსნის

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ დავით გორგილაძის გადაცემის, „აუტანელი სიმსუბუქის“ დახურვა საბიუჯეტო ცვლილებებითა და ახალ შენობაში გადასვლითაა განპირობებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზმაუს „კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით“.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი. ასევე ცნობილია, რომ 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს. არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება. საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია. მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას“, – ამბობენ საზმაუში.
16 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ დავით გორგილაძის გადაცემის გარდა, ეთერში მომავალი წლიდან აღარ გავა:
· „დღის კოდი“
· „ფერმა“
· „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“
· „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“
· „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“
· „კაცები PLAY“
გარდა ამისა, იხურება სრულად არხი „ტელესკოლა“ და „ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან“.
დავით გორგილაძის გადაცემის დახურვის თავად ტელეწამყვანმა, გუშინ, 15 დეკემბერს განაცხადა. როგორც იგი ამბობდა, არხმა მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაასახელა.
დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციებს სხვადასხვა საკითხზე. ხელისუფლების მიერ დაინიციირებული “რუსული კანონის”, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საპარლამენტო განხილვების დროს, გორგილაძე აკრიტიკებდა კანონპროექტის ავტორებს და მხარდამჭერებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმას, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ბორდისთვის ცნობილი არ ყოფილა.
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაში
დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ.საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.