პატიმრობა მიუსაჯეს იუთუბერს, რომელმაც ნახვებისთვის თვითმფრინავის კატასტროფის სცენა დადგა

30 წლის იუთუბერს, ტრევორ ჯეიკობს ნახვებისთვის თავისი თვითმფრინავის კალიფორნიაში ჩამოგდებისა და შემდეგ ამის შესახებ გამომძიებლებისთვის ტყუილის თქმისთვის 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
2021 წლის ნოემბერში ჯეიკობი სანტა ბარბარას აეროპორტიდან თავისი თვითმფრინავით აფრინდა და თან წაიღო პარაშუტი, კამერები და სელფის ჯოხი.
“ის არ აპირებდა დანიშნულების ადგილამდე მისვლას და სურდა თვითმფრინავიდან გადმოხტომის, პარაშუტით მიწაზე დაშვებისა და მისი თვითმფრინავის ჩამოვარდნის გადაღება”. – თქვა -ს პროკურატურის კალიფორნიის ცენტრალური ოლქის ოფისმა.
თვითმფრინავი აფრენიდან 35 წუთში ლოს პადრესის ეროვნულ ტყეში ჩამოვარდა. იუთუბერი კატასტროფის ადგილას მივიდა და კადრები გადაიღო.
მალევე, ჯეიკობმა თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოსაც შეატყობინა. საბჭომ ჯეიკობს აცნობა, რომ ნამსხვრევების კონსერვირება მისი მოვალეობა იყო. იუთუბერმა მოიტყუა და თქვა, რომ არ იცოდა სად ჩამოვარდა თვითმფრინავი, თუმცა, პარალელურად, კატასტროფის ადგილას მივიდა, ნამსხვრევები შეაგროვა და გაანადგურა.
2021 წლის 23 დეკემბერს ჯეიკობმა YouTube-ზე ატვირთა ვიდეო სათაურით “თვითმფრინავი დავლეწე”. ვიდეოში თვითმფრინავის ჩამოვარდნა უბედურ შემთხვევად იყო წარმოჩენილი და პროკურორების თქმით, ის ერთ-ერთი ელექტრონული საფულის კომპანიის რეკლამას შეიცავდა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯეიკობი საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა. შეთანხმების საფუძველზე მიღებულ აღიარებით ჩვენებაში მან თქვა, რომ ვიდეო პროდუქტის რეკლამირებისთვის გადაიღო და ფედერალური გამოძიების შეფერხებისთვის თვითმფრინავის ნარჩენები გაანადგურა.
ჯეიკობის მიერ YouTube-ზე ატვირთულმა ვიდეომ პლატფორმიდან წაშლამდე თითქმის 3 მილიონი ნახვა მოაგროვა.