პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პროექტს – „საარჩევნო უბანი შენს ქალაქში“ იწყებენ, რომლის მიზანიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების 2024 წლის არჩევნებში ჩართვაა

პარტიები „გირჩი- მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ახალ პროექტს – „საარჩევნო უბანი შენს ქალაქში“ იწყებენ, რომლის მიზანიც არის, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები ჩაერთონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების მონაწილეობა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანია, რაც, საბოლოოდ, განსაზღვრავს „ვის ხელში აღმოჩნდება ძალაუფლება და საით წავა ეს ქვეყანა“
„ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის მიზანიც არის საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურის მაქსიმალურად გამარტივება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. პროექტის სახელწოდებაა „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ და ითვალისწინებს ახალი საარჩევნო უბნების გახსნას იმ ქალაქებში, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები და არ არსებობს საქართველოს საკონსულო. საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერის მიხედვით, თუ უცხოეთის ნებისმიერ ქალაქში ცხოვრობს 50-ზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან, მათ აქვთ უფლება მოითხოვონ საარჩევნო ხმის უფლება მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაში. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა გათვლებით საქართველოს გარეთ იმყოფება საარჩევნო ხმის უფლების მქონე დაახლოებით, მილიონი მოქალაქე. ჩვენ მოუწოდებთ ყველა დაინტერესებულ საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ ამ პროექტში და დაგვეხმარონ იმ ქალაქების დეფინიცირებაში, სადაც ამჟამად ცხოვრობს საკმარისი რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების, რომ დავიწყოთ უბნების გახსნის პროცედურები. ასევე, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და რაც გაუადვილებთ მათთან კომუნიკაციას, ან დაგვიკავშირდნენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ან „დროას“ „ფეისბუქის“ გვერდებზე. ჩვენი აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აქტიურობა 20204 წლის არჩევნებზე შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი იმის განსაზღვრაში თუ ვის ხელში აღმოჩნდება ძალაუფლება და საით წავა საბოლოოდ, ეს ქვეყანა“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, საზოგადოებას ის ქალაქები გააცნო, სადაც საქართველოს ემიგრანტები ცხოვრობენ და კომუნიკაცია ახალი პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია.
„ვერ იქნება არჩევნები სრულყოფილი და ლეგიტიმური, თუ ჩვენი მოქალაქეების ამხელა ნაწილი მოკლებული იქნება შესაძლებლობას მიიღოს მასში მონაწილეობა. მითუმეტეს, თუ ეს შესაძლებლობა ტექნიკურად იქნება შეფერხებული. ჩვენმა გუნდმა უკვე დაიწყო მუშაობა კონკრეტულად ემიგრანტების ჯგუფებთან და მე მინდა ჩამოვთვალო ის ქალაქები, სადაც ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს და სადაც მუშაობას დავიწყებთ ამ სამართლებრივ პროცედურებზე. ეს არის პოლონეთი -კრაკოვი, კატოვიცე, გდანსკი; ბელგია – ანტვერპენი; კანადა – ტორონტო; გერმანია – შტუტგარტი, დიუსელდორფი; დიდი ბრიტანეთი – მანჩესტერი, ლივერპული; ესპანეთი – სევილია, ვალენსია; – ტარტუ; იტალია -ნეაპოლი, ფლორენცია, მილანი; ნიდერლანდები – ამსტერდამი; საფრანგეთო – სტრასბურგი, მარსელი; პორტუგალია – პორტო; – ლვოვი; ავსტრია – ზალცბურგი; -ფილადელფია, ჩიკაგო, ლოს ანჯელესი, ბოსტონი; ფინეთი -ჰელსინკი. ეს არის ის ჩამონათვალი, სადაც ჩვენ კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ