პანკისის ახალ იმამს კადიროვის აგენტობაში ადანაშაულებენ

ჩეჩნეთის დღევანდელი რეჟიმის მიერ დევნილი ჩეჩენი ბლოგერების მტკიცებით, საქართველოში, პანკისის ხეობაში იმამად დანიშნული ტახირ დუიშვილი თავად რამზან კადიროვს დაქვემდებარებულმა ჩეჩნეთის სამუფთომ დანიშნა და, შესაბამისად, საკუთარი კადრი გამოგზავნეს.
ჩეჩენი ბლოგერი ხასან ხალიტოვი, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს და აქამდე გაუვრცელებია ცნობები, რომ მისი ნათესავები ჩეჩნეთში გაიტაცეს, ტელეგრამ-არხზე 21 მარტს წერდა, რომ ტახირ დუიშვილს, რომელიც წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის, “კადიროვის სამუფთომ” შესთავაზა, რომ პანკისის იმამი გამხდარიყო. მისივე ცნობით, მას დაევალა, რომ შეაგროვოს ინფორმაცია ადგილობრივ ქისტებზე, რომლებსაც თავად სალაფიტებად თვლიან. როგორც ხალიტოვი ირწმუნება, დუიშვილის მიზანია “პროპაგანდა გაუწიოს კადიროვის ახმატის გზას”. როგორც წესი, ჩეჩნები, მათ შორის ქისტებიც, სუფიზმის მიმდევრები იყვნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც სალაფიზმი პანკისში უფრო და უფრო გავრცელებული მიმდევრობა ხდება.
აქამდე, თებერვალში ე.წ. ტრადიციული ისლამური მეჩეთის წინამძღვარი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მუფთი და პანკისის ხეობის იმამი ომარ ალდამოვი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
ამავე ბლოგერმა გამოაქვეყნა ჩანაწერები, რომლებიც, მისივე მტკიცებით, თავად დუიშვილს ეკუთვნის. ხმოვანი შეტყობინებები ჩეჩნურ ენაზეა ჩაწერილი. როგორც რადიო თავისუფლება 25 მარტს წერდა, ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, პანკისის ახალ იმამს ეკუთვნის, დუიშვილი მადლობას უხდის კადიროვს დაქვემდებარებულ რელიგიურ უწყებას “ნდობისთვის” და პირობას დებს, რომ პანკისში მათთვის სასურველ ნიადაგს შექმნის. ჩანაწერებს გამოეხმაურა კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერი, მუჰამედ აბდურახმანოვი და გამოთქვა ვარაუდი, რომ დუიშვილს, შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს. მან საქართველოს მთავრობას პანკისის მცხოვრებლების დაცვისკენაც მოუწოდა.
ჩანაწერები, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის სამუფთოსთან დაკავშირებულ პირებს გაეგზავნათ. რადიო თავისუფლების ცნობით, ჩანაწერებში პირი, რომელიც, სავარაუდოდ, დუიშვილია, ჰყვება, რომ წინა იმამის სიკვდილის შემდეგ ჩეჩნეთის სამუფთოს პანკისიდან დაუკავშირდნენ და ახალი იმამის გამოგზავნა ითხოვეს, რის შემდეგაც, ის სამუფთოში გამოიძახეს.
ამავე ცნობით, ჩანაწერებში დუიშვილი ამბობს, რომ თავად არ სურდა ამ პოზიციის დაკავება. როგორც რადიო თავისუფლება წერს, აუდიომასალაში ის სავარაუდოდ ამბობს, რომ “თეოლოგიური ცოდნა”, რომელიც გააჩნდა, “დაავიწყდა”, თავად კი მთელი ოჯახით ჩეჩნეთში ცხოვრობს, თუმცა დაჟინებით სთხოვეს, რომ პანკისში იმამად წასულიყო. ამავე ინფორმაციით, ჩანაწერში ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, პანკისის ახალი იმამია, არ ეთანხმება სალაფიტებს და ხაზს უსვამს, რომ მათ “ისლამის სწორად გაგებას” ასწავლიან.
როგორც კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერი, თუმსო აბდურახმანოვი (მუჰამედ აბდურახმანოვის ძმა) საკუთარ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში ვარაუდობდა, დუიშვილს პანკისში ვიღაცამ ლობირება გაუწია. მისივე აზრით, “კადიროვის მუფთის მიერ გამოგზავნილი მუფთი” იქნება “კადიროვის ხელისუფლების პირდაპირი გავლენა საქართველოს რეგიონზე”.
ახალ იმამს ესაუბრა ტელეკომპანია მთავარი არხი. მიცემულ კომენტარში ახალი იმამი ამბობს, რომ “ღმერთის წინაშე სუფთაა”.
“მე არაფერი პროვოკაცია არ მინდა. მე საქართველო მიყვარს.” – ირწმუნება ტახირ დუიშვილი.
დუიშვილმა მთავარ არხთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ჩამოსვლამდე ის შეხვდა ჩეჩნეთის მუფთის, სალაჰ მეჟიევს. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაცია, ანუ ჩეჩნეთის სამუფთოს რამზან კადიროვი აკონტროლებს. ამას გარდა, პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მცხოვრებელმა მთავარ არხთან საუბარში თქვა, რომ დუიშვილმა მეჩეთში დადო ფიციც, რომლის მიხედვითაც, რაც გავრცელდა, სიცრუეა და მას კადიროვი პირადად არც იცნობს.