ნაზი ჯანეზაშვილი – ევროკავშირის მიერ დაწესებული 9 პუნქტიდან ერთ-ერთში, მართლმსაჯულების ნაწილში არაფერი გაკეთებულა

„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული 9 პუნქტიდან ერთ-ერთში, მართლმსაჯულების ნაწილში არაფერი გაკეთებულა.
მისივე შეფასებით, ერთადერთი საკითხი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად შესრულდა, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებებზე დაწყებული მუშაობა.
როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინაშე არსებული პირობები, რომელიც 9 ნაბიჯის ფარგლებშია მოცემული არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ერთ-ერთი არის სასამართლო რეფორმის შესრულება იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეს.
„ჩვენი ორგანიზაცია არის ჩართული ამ კოალიციაში, „საქართველოს სასამართლო გუშაგი“ სასამართლოს ნაწილში მე-6 პირობაზე მუშაობდა. სწორედ, ამიტომ ამ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. მე-6 პირობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ განხორციელდეს უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური რეფორმა, რაც არ გაკეთებულა ჯერჯერობით და არც ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გაძლიერდეს მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, ჯერჯერობით ამ კუთხითაც პრობლემებია და პრაქტიკაც სულ სხვა რეალობას გვთავაზობს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერება შემოწმდეს, რომელიც არის პირობა საქართველოს წინაშე ევროკავშირის მხრიდან, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მათთვის ეს საკითხი არის დახურული. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან უნდა შემოწმდეს მაღალ თანამდებებზე დანიშნული მოსამართლეების კეთილსინდისიერება და, რა თქმა უნდა, ამით სერიოზული რეფორმები უნდა დაიწყოს. ამდენად, ამ პერიოდის განმავლობაში მართლმსაჯულების ნაწილში არაფერი გაკეთებულა. ერთადერთი საკითხი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად განხორციელებული იყო, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებებზე დაწყებული მუშაობა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და ორგანულ კანონში ცვლილებებს ეხება. თუმცა, ესეც არ არის სრულყოფილი ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებს, მაგალითად, ვენეციის კომისიის ან ეუთო/ოდირის დასკვნებს სრულად.
ისინი [„ვეტინგზე“] როგორც ჩანს უარს იმიტომ ამბობენ, რომ გავლენიან ჯგუფს იცავენ სასამართლო სისტემაში. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი დაახლოებით 60 მოსამართლეს ეხება, რომლებსაც სერიოზული გავლენები აქვს სისტემაში, უკავიათ მაღალი პოზიციები. ამ უარით „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ეს ე.წ. კლანი დაიცვას და ამ გზით მათ ხელი შეუწყოს, მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით უპრობლემოდ დარჩნენ ამ თანამდებობებზე“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ასევე, ჯანეზაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსაც გამოეხმაურა, როგორც მან აღნიშნა, „ეს კანონი გამიზნულია იმისთვის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება განადგურდეს და კრიტიკული ხმა აღარ არსებობდეს“.
„ეს კანონი მთლიანად არის რუსული, ყველა მუხლი, რომელიც მასში არის მოცემული არის რუსული. ყველა მუხლი არის რუსული, ვინაიდან ის არის სწორედ იმისთვის გამიზნული, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დაანგრიოს, კრიტიკული აზრი ჩაახშოს. ის ონლაინ მედიასაშუალებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და რომელთაც უცხოური გრანტები აქვთ, სურთ გააქრონ“, – აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ