“მუშა პროცესია” – აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი დავითგარეჯის შესახებ მოლაპარაკებებზე

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით თბილისსა და ბაქოს შორის “მუშა პროცესი” მიმდინარეობს.
დავითგარეჯის საკითხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო, რასაც წინ უძღოდა კარტოგრაფების გახმაურებული დაპატიმრების საქმე. თუმცა 3 წლის შემდეგაც ხელისუფლებაში კონკრეტულად არ საუბრობენ, არის თუ არა რაიმე პროგრესი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები და შეხვედრები საკმაოდ მაღალი დინამიკით გამოირჩევა.
“ეს არის მუშა პროცესი. ამ მიმართულებით იყო რიგი შეხვედრები. არსებობს და მუშაობს კომისია. შესაბამისად, მუშაობა გაგრძელდება და ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულნი არიან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.
კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.
ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი არ აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაზარე გრიგორიადისის დედა – ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრ ხალხს, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა